მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტით ბულგარული კომპანიები დაინტერესებულები არიან - ბულგარეთის ელჩი

64351d2b4131c
გიგა ბენია
11.04.23 12:47
983
"ბულგარული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებული",- ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვიმ განაცხადა. ელჩის თქმით, საზღვაო ტრანსპორტირებას ორ ქვეყანას შორის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. 

"საზღვაო ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ბულგარეთსა და საქართველოს შორის უკეთესი თანამშრომლობის შესაქმნელად. ამ ეტაპზე ორი საბორნე ხაზი გვაქვს, ბურგასა და ბათუმს, ვარნასა და ფოთს შორის. ერთ-ერთი ვარნას საბორნეს ხაზს სპეციალური აღჭურვილობა აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს, სარკინიგზო შემადგენლობამ შეიტანოს ტვირთი, რომელიც შემდეგ დასავლეთში ტრანსპორტირდება. ამასთან, ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. არის ბულგარული კომპანიები, რომლებსაც ინტერესი უკვე აქვთ და მათგან შესაბამისი მინიშნებები გვაქვს", - აღნიშნა ბულგარეთის ელჩმა.

ვესელინ ვალკანოვის განცხადებით, საზღვაო ურთიერთობებთან ერთად, მნიშვნელოვანია სახმელეთო გადაზიდვებიც. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, სახმელეთო გზით ტვირთების გადატანის მაჩვენებლები მზარდია.

„საქართველოს მხრიდან გაცემულ ნებართვებს ხშირად და დროულად ვიყენებთ, თუმცა ამ ნებართვების ზრდა საჭიროა. ვიცე-პრემიერ დავითაშვილს ვესაუბრე, რომ ბულგარეთისთვის ნებართვების გაცემა გაიზარდოს. ამასთან, ბულგარეთი დაინტერესებულია ციფრული დაკავშირების გაუმჯობესებით. ციფრული დაკავშირება უმაღლესი პრიორიტეტია. მოუთმენლად ველით საერთო ინტერესების მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას",-განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.

საქართველოში ბულგარეთის ელჩი, ვესელინ ვალკანოვი საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოდის. დეპუტატების წინაშე დიპლომატი საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.

გასული წლის ბოლოს  ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააცხადა და პროექტის ინვესტორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტის განხორციელებისას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები