მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რაც უფრო მომზადებულები იქნებით, მით უკეთესად იგრძნობთ თავს ევროკავშირში” - ბულგარეთის ელჩი

ვესელინ ვალკანოვი - ბულგარეთის ელჩი

ევროკავშირის კარი, უკანასკნელად, 2013 წელს გაიღო, როცა ორგანიზაციაში ხორვატია გაწევრიანდა - ეს ევროკავშირის რიგით მეშვიდე გაფართოება იყო. რამდენიმე წლით ადრე კი, 2007 წელს, ევროკავშირის კარი კიდევ ორი ევროპული სახელმწიფოსთვის - ბულგარეთისა და რუმინეთისთვის გაიღო. საინტერესოა, რომ მანამ, სანამ ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, ანუ 2006 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $10,200-ის ტოლი იყო, მაგრამ წელს ის უკვე $25,000-ს შეადგენს, ანუ სახეზე გვაქვს 145%-იანი ზრდა. ბულგარეთის შემთხვევაში, დრამატულად გაუმჯობესდა სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც: უმუშევრობა 20%-დან 4.5%-მდე შემცირდა, ინფლაციამ12%-დან 5%-მდე იკლო, ხოლო ქვეყნის საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა 30%-მდე ჩამოვიდა.

ბულგარეთის მიერ განვლილ გზაზე და გაკვეთილებზე, რომლებიც საქართველომ შეიძლება ამ ევროპული ქვეყნისგან მიიღოს, BMG საქართველოში ბულგარეთის ელჩს, ვესელინ ვალკანოვს ესაუბრა.

როგორც დიპლომატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირამდე მისასვლელი გზა გრძელი იქნება, მაგრამ რაც უფრო მომზადებული შედგება საქართველო ამ გზაზე, მით უკეთესად იგრძნობს ჩვენი ქვეყანა თავს ევროკავშირში.

“ევროკავშირში გაწევრიანება ბულგარეთისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რადგან ასე ქვეყანას შეეძლო უფრო მდიდარი, უფრო თანამედროვე და საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული გამხდარიყო. ამასთან, ის დიდი ოჯახის წევრობის სურვილსაც აკმაყოფილებდა. ერთ კვლევაში წავიკითხე, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ანუ ბულგარეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებიდან ათ წელიწადში, რომ ბულგარეთში ცხოვრების დონე გაიზარდა, ანუ ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან. ზოგადად რომ ვთქვათ, ევროკავშირმა კეთილდღეობა და ევროპაში ინტეგრაცია მოგვიტანა. ახლა უკეთესად ვგრძნობთ თავს, ვიდრე მანამდე.

საქართველო არასდროს უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში, რაც უნდა მოხდეს. ეს გრძელი გზა იქნება, ბევრი რამ უნდა მოხდეს, მაგრამ ერთი, რაც უნდა გააკეთოთ - ბურთს თვალი ადევნოთ. თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, მიზანს მიაღწევთ. ბევრი რამაა გასაკეთებელი და რაც უფრო მომზადებულები იქნებით, მით უკეთესად იგრძნობთ თავს ევროკავშირში და მეტ სარგებელსაც მიიღებთ”, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა BMG-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები