მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანგარიშგების წარდგენის გადავადების გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მისაღები"

5d8f1d468d2ea
შოთა ტყეშელაშვილი
28.09.19 16:00
5648
საქართველოს მთავრობამ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა. რის შედეგადაც დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებას 2 წლით გადაავადებს, განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები 1 ოქტომბრამდე ვერ მოესწრება, ეს კი ის თარიღია, რომლისთვისაც მეოთხე კატეგორიის საწარმოებს საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარდგენილი უნდა ჰქონოდათ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი საჯარიმო სანქციებს არ მიმართავენ.

აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ანგარიშგებების წარდგენის გადავადება დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.

“ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, შეღავათია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. თუ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები და აპირებდა მთავრობა ამას, ვფიქრობ, რომ ეს უნდა ყოფილიყო გაცილებით ადრე მიღებული, ვინაიდან ბევრმა კომპანიამ წარადგინა კიდეც, ბევრმა უკვე ხარჯი გასწია, დაიქირავა აუდიტორი თუ ბუღალტერი. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები, ყოველთვის ჯობია, რომ უფრო ადრე იყოს მიღებული. ერთი თვით ადრე რომ ყოფილიყო, მაგალითად სექტემბრის დასაწყისში ან აგვისტოში, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მე ასე ვფიქრობ,”- ამბობს BDO-ს მმართველი პარტნიორი.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 1 ოქტომბრის თარიღისთვის საკუთარი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება 60,000-მდე კომპანიას ჰქონდა, საიდანაც აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ 15,000-მდე ორგანიზაციას ჰქონდა გაგზავნილი.

ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, გადავადება მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ამ ეტაპზე შეღავათს წარმოადგენს, თუმცა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კომპანიებისთვის სანდო ფინანსური ანგარიშგების არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მეოთხე კატეგორიის კომპანიებს რაც შეეხება, ისინი არ წარადგენენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ისარგებლებს ამ შეღავათით. თუმცა, მე ვფიქრობ ზოგადად ფინანსური ანგარიშგების მომზადება თავად კომპანიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც კომპანიამ არ იცოდა, რეალურად იყო თუ არა ეს კომპანია მომგებიანი და ამის შესახებ მხოლოდ სწორად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მეშვეობით შეიტყო. როდესაც კომპანიის მფლობელს სჭირდება ან კომპანიის გაყიდვა, ან ინვესტორის მოძიება, ან სესხის აღება და ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მათ ხელი ეშლებათ არის ის, რომ მათ ფინანსური ინფორმაცია არ აქვთ მათ მომზადებული და მოწესრიგებული.

შესაბამისად, თუ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივას შევხედავთ, კომპანიები, ვინც წარადგენენ ამ ინფორმაციას, ისინი შეეჩვევიან ამ პროცესს, ეს მათთვის აღარ იქნება ტვირთი. სარგებელი რასაც კომპანიები გამართული და მოწესრიგებული ფინანსური ანგარიშგებით მიიღებენ იქნება გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ის ხარჯი, რაც ამ ინფორმაციის მომზადებას სჭირდება,”- ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

საქართველოს უმსხვილესმა კომპანიებმა საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომი პირველად 2018 წლის ბოლოს გახადეს. რეფორმა თავდაპირველად პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს, ასევე საჯარო დაინტერესების პირებს (სდპ) შეეხოთ. ჯამში 2017 წლის ანგარიშგებები დაახლოებით 700-მდე კომპანიამ წარადგინა. რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ ის ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი უშუალოდ კომპანიებს, ხოლო მეორე კი თავად აუდიტორული სერვისის ხარისხს და მათ რეგულირებას შეეხება. აუდიტორების ხარისხის რეგულირების შესახებ ლალაზაშვილი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს უფრო მეტი სამუშაო აქვს გასაწევი.

“რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ ის ორ ნაწილად უნდა დავყოთ. ორი მიმართულებით განხორციელდა რეფორმა. ერთი იყო ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა სხვადასხვა კატეგორიის კომპანიების მიერ, ხოლო მეორე კი შეეხო თავად აუდიტორებს და აუდიტორულ კომპანიებს. ფინანსური ანგარიშგებების წარდგენას რაც შეეხება, წელს იყო პირველი წელი, როდესაც უფრო მეტ კომპანიას შეეხებოდა რეალურად ეს ვალდებულება. საჯარო გამოთვლების მიხედვით, დაახლოებით 90%-მა მსხვილი კომპანიების, რომელთაც შეეხებოდათ ეს ცვლილება, ანგარიშგებები წარადგინეს, რაც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. რეფორმას ახლდა დადებითი გამოხმაურებაც, უარყოფითი გამოხმაურებაც. უარყოფითი გამოხმაურება კომპანიების მხრიდან ძირითადად ეხებოდა გამჭვირვალეობის საკითხს, ვინაიდან ეს ინფორმაცია მათი კონკურენტებისთვის გახდებოდა ცნობილი. მე ვფიქრობ რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება თავად კომპანიების ფინანსური გაჯანსაღებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბუნებრივია მათ არ ეხებათ, ვინც წარადგენდნენ და მოწესრიგებული ჰქონდათ სიტუაცია თავის კომპანიებში.

აუდიტორების მიმართულებით კი მე ვფიქრობ, რომ აქ გაცილებით მეტი სამუშაო და მეტი გამოწვევები შეიძლება იყოს. იგივე ზედამხედველი ორგანოს კუთხიდანაც, ვინაიდან არის დღეს საკმაოდ ბევრი აუდიტორული კომპანია, 260-ზე მეტი არის და აქედან მხოლოდ 33 კომპანია არის შემოწმებული. შესბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ცოტა იმისათვის, რათა ჩვენ მთლიანი სურათი ვნახოთ, თუ რა ხდება აუდიტორულ ბაზარზე და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინტენსივობით მომხდარიყო შემოწმებები. აქ დგას მნიშვნელოვანი საკითხი, რომ შესაბამისი რესურსები თავად ზედამხედველ ორგანოსაც არ აქვს, არ აქვს საშუალება უფრო მეტი სპეციალისტი დაიქირავოს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გარკვეული ცვლილებები, რომ ამ ორგანოს უფრო მეტი რესურსები ჰქონდეს, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა,”- ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

კანონპროექტი, რომელიც მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებას ორი წლით გადაავადებს შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.