საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი თვლის, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად საზედამხედველო ფუნქციები არ უნდა იყოს კონცენტრირებული ეროვნულ ბანკში და მას ცალკე რეგულატორი უნდა ჰყავდეს.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რთულია ამხელა ინსტიტუციის ცალკე აშენება, თუმცა შესაძლებელია რეგულირების ფუნქციები უფრო ოპტიმალურად გადანაწილდეს. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მარეგულირებელს ანუ ეროვნულ ბანკს გააჩნია, არის ერთი და იგივე პოლიტიკის გატარება საბანკო სექტორთან და კაპიტალის ბაზართან მიმართებით.
„თუ რეგულირების ფუნქცია არის მარეგულირებელში, რომელიც ამავე დროს მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს, რა თქმა უნდა, ასეთი დაშვებები კეთდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ ჩინური კედლის აშენება ამ ინსტიტუციის შიგნით, რაც გულისხმობს იმას, რომ ის პირები, რომლებიც რეგულირების პოლიტიკას ატარებენ, არ იყვნენ კონტაქტში და გავლენის ქვეშ იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ატარებს მონეტარულ პოლიტიკას და მათ შორის არეგულირებს საბანკო სექტორს.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენ შემთხვევაში მარეგულირებელს, არის რეგულირების ფილოსოფიაში ერთი და იგივე პოლიტიკის გატარება საბანკო სექტორთან და კაპიტალის ბაზართან მიმართებით. ერთი მხრივ საბანკო სექტორი არის დაცული სექტორი და აუცილებელია კონსერვატიული რეგულირება და პრობლემების და დარღვევების წინასწარი პრევენცია, მაშინ როდესაც კაპიტალის ბაზარი არის იმ ტიპის სექტორი, რომელშიც შენ კი არ ზღუდავ განვითარებას, აძლევ ასპარეზს მოთამაშეებს, მაგრამ აუცილებლად აჩვენებ, რომ თუ რამე დააშავეს და არასწორად მოხდა ამაზე რეაგირება, გაქვს ძალიან მკაცრი აღსრულების სისტემა. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ფილოსოფიური განსხვავება რეგულირებაში ფინანსური ბაზრის ამ ორი სეგმენტის და ზუსტად ამით განსხვავდება ეს ორი ბაზარი ერთმანეთისგან.
თუ მარეგულირებელი, რომელშიც ეს ფუნქციებია გაერთიანებული, არ ასხვავებს ამას ფილოსოფიურად და ეს განსხვავებები რეგულირების მიდგომებში არ არის ასახული, მაშინ მიზანშეწონილია მარეგულირებელი იყოს ცალკე, მაგრამ წარმოიდგინეთ ეს არის პატარა ქვეყანა, ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, მაგრამ ძალიან რთულია ამხელა ინსტიტუციის ცალკე აშენება და ამ ფუნქციების გადატანა, თუმცა ამის შესაძლებლობა არის.
შეიძლება რეგულირების ფუნქციების უფრო ოპტიმალურად გადანაწილება. მაგალითად იგივე დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოსთან, რომ ეს არ იყოს კონცენტრირებული ეროვნულ ბანკში, რადგან სებ-ს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო ფუნქცია აქვს. საბანკო სექტორი შეიძლება დარჩეს, მაგრამ ეს ფუნქცია გამოეყოს.
დიდი დისკუსიის თემაა. მგონია, რომ არასოდეს ჩვენი სექტორი არ დამსხდარა და გამჭვირვალედ ამაზე არ უსაუბრია. ეს თემა იმსახურებს განხილვას და ინსტიტუციურად ამ ფორმით დარეგულირებას, მით უმეტეს თუ ბაზარი განვითარდება და ისეთი ზომის გახდება და იმდენად დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, რომ უნდა დაეთმოს ცალკე ინსტიტუციური რესურსი და ყურადღება“, - მიიჩნევს მარინა გულედანი.
„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერი, რატი მოჩილაძე თვლის, რომ საბანკო სფეროს და კაპიტალის ბაზრის რეგულატორი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა საქართველოს კაპიტალის ბაზარი ჯერ არ არის განვითარების იმ ეტაპზე, რომ მას ცალკე ზედამხედველი სჭირდებოდეს. ამასთან, ის იზიარებს პოზიციას, რომ მომავალში, როცა ბაზარი განვითარდება, დღის წესრიგში დადგება ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციების გამოყოფის საკითხი.
„საქართველოს რეალობაში ჯერ კაპიტალის ბაზარი ჩანასახის ეტაპზეა, არის საკმაოდ ადრეული ეტაპი და შესაბამისად რისკები მაღალია. არ არსებობს ჯერ პრეცედენტები, რეგულირების ჩარჩო ახალია და აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი მართავს ამ პროცესს, არის ძალიან კარგი. ეროვნულ ბანკს აქვს კომპეტენცია, ის უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს, იქ ადამიანური რესურსიც არის, ცოდნაც არის იმისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე მათ მართონ ის რისკები, რაც იქმნება ეკონომიკაში კაპიტალის ბაზრის გამოჩენით, თუმცა როდესაც უფრო გაიზრდება კაპიტალის ბაზრის მოცულობა, უკვე შეიქმნება პრეცედენტები, უკვე სასამართლოს პერსპექტივიდანაც რაღაც საქმეები შეიქმნება, ამ დროს უკვე სწორი იქნება, რომ გამოიყოს კაპიტალის ბაზრის რეგულატორი.
ამის მიზეზი არის მარტივი: ეროვნული ბანკი თავისი თვისებით არის კონსერვატიული ორგანიზაცია, ისინი ძირითადად რისკების შემცირებაზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, კაპიტალის ბაზარი არის ძირითადად რისკების აღება და ამ რისკების მართვა, ანუ ეს ორი სხვადასხვა მიმართულებაა და ამ რეალობაში ორი ერთმანეთისგან განცალკევებული რეგულატორი კარგი იქნება და ვფიქრობ, ამის დროც მოვა საორიენტაციოდ 5-იდან 10 წლამდე პერიოდში“, - აცხადებს რატი მორჩილაძე.
ამ ეტაპზე კაპიტალის ბაზრის საზედამხედველო ფუნქციების ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს BDO-ს მმართველი პარტნიორიც, თუმცა ზურაბ ლალაზაშვილი არ გამორიცხავს, მომავალში ამ სფეროს ცალკე რეგულატორის არსებობა დღის წესრიგში დადგეს.
„ყველა რეგულატორს სჭირდება კარგი რესურსები, დაფინანსება სჭირდება და დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება სამწუხაროდ, რომ ბევრი რეგულატორი გვყავდეს, მაღალ ანაზღაურებადი ხალხით და ა.შ. ბაზარი უნდა იყოს იმხელა, რასაც ის არეგულირებს, რომ ბაზარი ინახავდეს თვითონ და ბაზარს უღირდეს ასეთი ტიპის რეგულატორის არსებობა. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, სადაც არის ეროვნული ბანკის ქვეშ, არის სწორი გადაწყვეტილება. მომავალში შევხედოთ, რამდენად განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საფონდო ბირჟა განვითარდება თუ არა და იქნება თუ არა უფრო მეტი კომპანია, რომელიც დაილისტება და ა.შ ამაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას, თუმცა მომავალში ვფიქრობ, ეს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში“,-აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სწორედ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ყოფნა იყოს მიზეზი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდება. გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ცალკე რეგულატორის არსებობა ამ სფეროს მეტ თავისუფლებას მისცემს. ალიანს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით კი, საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს, ამიტომ ქვეყნის კაპიტალის ბაზარი ეროვნული ბანკის დეპარტამენტის დონეზე არ უნდა იმართებოდეს.
„ჩვენ გვაქვს ორნაირი გამოცდილება, როდესაც გამოყოფილი იყო ზედამხედველობა და იმ პერიოდში კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპები იყო საკმაოდ მაღალი და გვაქვს მეორე რეალობა, როდესაც უკანასკნელი, მინიმუმ 15 წელია ძალიან ბევრი ძალისხმევა იდება საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, მაგრამ რეალური მიზანი, რაც არის ლიკვიდური კაპიტალის ბაზრის შექმნა, კონკრეტულად მეორადი ბაზრის შექმნა, ამ მიზანს ვერ ვაღწევთ. არ არის ვაჭრობა მეორად ბაზარზე ფაქტობრივად და ასევე ფაქტობრივად დაუსრულებელი მიზანი გახდა აქციების ემისია, აქედან გამომდინარე დავსვამდი კითხვას, ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი კაპიტალის ბაზრის განვითარების შედარებით დაბალი ტემპის ქვეყანაში ის გარემოება, რომ მისი რეგულატორი არის იდენტური საბანკო ზედამხედველობის ანუ საბანკო სექტორის რეგულირების?!.
ობიექტურად რომ შევხედოთ, საბანკო სექტორი და კაპიტალის ბაზარი ერთმანეთის კონკურენციაშია, თუ რა ფორმით შესთავაზოს ფინანსებით დაინტერესებულ კომპანიას ფინანსები. აქედან გამომდინარე კონკურენცია თავის თავად არსებობს. მეორე რეალობა გვაქვს, რომ საბანკო სექტორი საქართველოში არის ზედმეტად, ძალიან განვითარებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში შეიძლება გამოსავალი იყოს ახალი რეგულატორის გაჩენით, მეტი თავისუფლება მიეცეს თვითონ ამ სფეროს და იქნებ ამან მოგვცეს უკეთესი შედეგი. ვფიქრობ, უარეს შედეგს როგორც მინიმუმ არ მოგვცემს“,-აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
„ეროვნული ბანკის სტრუქტურაში პრეზიდენტზე ოთხი საფეხურით დაბლა მდგომ დეპარტამენტის უფროსს, რომელსაც პრეზიდენტზე 10-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, მას არ უნდა ჩავაბაროთ [კაპიტალის ბაზარი]. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კონკურენტული სტრუქტურა, უნდა გამოიყოს ეროვნული ბანკიდან, ზედამხედველი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, შეიძლება მოვიწვიოთ ჰარვარდიდან, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ამბიციური პროფესიონალები.
რეალურად ჩვენი კონკურენტები რეგიონში არიან ნავთობის მქონე ქვეყნები, როგორიცაა დუბაი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ამათ უნდა გავუწიოთ კონკურენცია და ეროვნული ბანკის მეოთხე დეპარტამენტის დონეზე ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა იყოს ძალიან კვალიფიცირებული სტრუქტურა, რომელსაც ესმის, რომ საქართველოს კაპიტალური ბაზრის განვითარება რეგიონის ბიზნეს ცენტრად გადააქცევს“, - აცხადებს BM.GE-სთან აიეტ კუკავა.