მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაა გამორიცხული, სებ-მა დაკრედიტების ტემპის მოსათოკად გარკვეული რეგულაციები დააწესოს - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო თვეებში ეროვნულ ბანკს დაჩქარებული დაკრედიტების ტემპის მოსათოკად გარკვეული რეგულაციების დაწესება მოუწიოს.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული სესხების ზრდის ტემპი საყურადღებოა და სამომავლოდ, შესაძლოა, ისედაც გაზრდილი ინფლაციისთვის მნიშვნელოვანი წნეხი გახდეს.

შესაბამისად, გიორგი ხიშტოვანის მოლოდინით, შესაძლოა, სებ-მა მომდევნო თვეებში სამომხმარებლო სესხების ვადიანობა, რომელიც გასული წლის პირველი ნოემბრიდან 3-დან 4 წლამდე გაიზარდა, კვლავ შეამციროს.

„ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ინფლაციური რისკები გაზრდილია და მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი არის დაკრედიტების ტემპის მაღალი ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს უახლოვდება და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანებში კონკრეტული ზომები გატარდეს, რომელიც უშუალოდ დაკრედიტების მზარდი ტემპის ხელოვნურად შენელებაზე იქნება მიმართული.

ვფიქრობ, დაკრედიტების ზრდის წლიური ტემპი საკმაოდ მაღალია, ინფლაციური რისკები მზარდია, ამაზე პოლიტიკური გარემოც მოქმედებს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და დამატებით დაკრედიტების ზრდის მაღალი დინამიკაც. მრავალი კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორედ დაკრედიტების შენელების მექანიზმები და ამ მიმართულებით რეგულაციების დაწესებაა. მათ შორის, არაა გამორიცხული, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობა, რომელიც გაიზარდა, ისევ შემცირდეს და ამით დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელება მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, როგორც ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნავს, საბანკო სექტორში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა საყურადღებოა და მსგავსი ტიპის სესხები საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას უსწრებს. თუმცა ამ ეტაპზე მარეგულირებელს სესხების ვადიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები