მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა - ეროვნული ბანკი

სესხი ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა საყურადღებოა. ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

მარეგულირებელში ამბობენ, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდა საერთო საკრედიტო აქტივობას უსწრებს.

სებ-ი გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებას ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტს უკავშირებს. საგულისხმოა, რომ 2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზარდა.

"საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც უსწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტმა განაპირობა. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებას და გარემოებების მიხედვით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას",- აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ დაკრედიტების მზარდ ტენდენციაზე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმაც მიანიშნა, რის შემდეგაც BMG დაინტერესდა, ხომ არ განიხილება სამომხმარებლო სესხების ვადიანობა ისევ 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა სოფრომაძემ 19 ივნისს, "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ფინანსური ტენდენციებიდან გამომდინარე იღებს. თავის მხრივ, საბანკო ასოციაციაშიც იმედოვნებენ, რომ სებ-ი სესხების ვადიანობას არ შეამცირებს. "იმედი გვაქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. დღეს აქტიური საუბარი ამაზე არ მიმდინარეობს",- თქვა ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები