კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მოკლევადიანია და ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული, წინდაუხედავს უწოდებს.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს ძლიერი საბანკო სისტემის წნეხის ქვეშ დაყენება საშიშია და მას მოფრთხილება სჭირდება, რადგან ეს ერთადერთი სფეროა, რომელიც ქვეყანაში გამართულად მუშაობს.
„ჩვენი საბანკო სისტემა ნამდვილად კარგად რეგულირებული, კაპიტალიზირებული და დარეზერვებულია. უბრალოდ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ძალიან საშიშია ამ საბანკო სისტემის გამოცდა და წნეხის ქვეშ გატარება. ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ ყველაფერ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ავაშენეთ. პრაქტიკულად ეს ერთადერთი სფეროა, რომელიც საქართველოში მართლა გამართულად მუშაობს და ჩვენი საბანკო სისტემა პრაქტიკულად ჩვენი ეკონომიკის გულ-სისხლ-ძარღვია. ამის არ მოფრთხილება და იმის თქმა, რომ ჩვენ ფუნდამენტური მონაცემები წესრიგში გვაქვს და ნუ გვეშინია, ძალიან წინდაუხედავი განცხადებაა, დღეს და ხვალ კი ბატონო, მაგრამ ძალიან პატარა ეკონომიკა ვართ და ძალიან მალე შეიძლება ეს ყველაფერი ჩამოიშალოს და ნუ მოვატყუებთ ჩვენს თავს“, - აცხადებს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი „TV პირველთან“ საუბრისას და განმარტავს: „ჩვენი კვეთა საერთაშორისო საფინანსო ბაზართან ის სამი კომპანიაა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. ანუ ეს ის კვეთებია, რომელთა მეშვეობითაც საერთაშორისო ინვესტორთა საზოგადოებას შეუძლია გამოგვიგზავნოს სიგნალი და გვითხრას - რას ფიქრობს იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“.
მარინა გულედანი აბსურდულს უწოდებს იმას, რომ ეროვნული ბანკის განცხადება კარგად ყოფნის შესახებ სავალუტო რეზერვების არსებობის საფუძველზე ხდება. ექსპერტი ამასაც არასწორს უწოდებს.
„კი, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი გამოვლენ და იტყვიან - რა კარგად ვართო... ჯერ ერთი, როდესაც ამბობ, რომ "კარგად ვარ, რადგან რეზერვი მაქვს", ეს უკვე პრობლემაა. რეზერვი რომ ამოგეწურება მერე აღარ იქნები კარგად. ეს იმთავითვე აბსურდული განცხადებაა, როდესაც თავის მართლების რეჟიმში გამოდიხარ და იძახი, რომ გავუძლებთ. რატომ და ვის ხარჯზე უნდა გავუძლოთ“, - სვამს კითხვას კაპიტალის ბაზრის ექსპერტი.
მარინა გულედანს ესმის, რომ სებ-ი ცუდად ყოფნის შესახებ განცხადებას ვერ გააკეთებს: "არამხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ეკონომიკებიც ზოგადად საკრედიტო ეკონომიკებია. კომერციულ ბანკებში რა ფულიც ტრიალებს, ის ნამდვილი ფული არ არის, ის კრედიტია. ეკონომიკაში ცოტა უფრო გადამეტებული რისკი თუ შეიქმნება, არც მინდა იმის წარმოდგენა რა მოხდება. 2008 წელს გაგახსენებთ საიდან შემოდიოდა ქეშის სახით ფული საქართველოში... რა თქმა, უნდა ეროვნულ ბანკს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ცუდად არის, რადგან იმ ტოტს მოიჭრის, რომელზეც ზის".
კაპიტალის ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია კანონის მესამე მოსმენით მიღებამ და ო’ბრაიენის გამოსვლამ, რომელშიც ოპტიმიზმი არ ჟღერდა.