კაპიტალის ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი ამბობს, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის გაუფასურება "რუსული კანონის" მესამე მოსმენით და ო'ბრაიანის არაოპტიმისტური განცხადებითაა განპირობებული. ექსპერტი 9 მიზეზს ასახელებს, რამაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვალუტისა და აქციების გაუფასურება გამოიწვია.
გულედანი წერს, რომ რაც დავინახეთ 15 მაისის სავაჭრო დღის გახსნისას (ჩვენი ბანკების აქციების ფასების ძალიან აგრესიული ვარდნა), ეფექტური ბაზრის პრინციპის კლასიკური მაგალითია. ეფექტური ბაზარი არსებული ინფორმაციის სრულად ასახვას გულისხმობს ფასიანი ქაღალდების ფასში.
bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
- ჩვენი ფინანსური სისტემა არის ბანკ-ცენტრული, და ბანკები წარმოადგენენ ეკონომიკის დაფინანსების მთავარ წყაროს. ბანკების მიერ მოზიდული სასესხო კაპიტალის ფასი (საპროცენტო განაკვეთი) დამოკიდებულია მათ პოზიციაზე საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე და იმ რისკებზე, რომლებიც ახასიათებთ არამარტო ამ ბანკებს უშუალოდ, არამედ ზოგადად ქვეყანას და ეკონომიკას, რომელშიც ისინი ოპერირებენ.
- ჩვენი ბანკების აქციების ფასში უწყვეტად აისახება საჯარო სივრცეში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია ბანკის საქმიანობასთან და ნებისმიერ მოვლენასთან, რომელმაც შეიძლება გაზარდოს მათთან დაკავშირებული რისკები.
- რისკის ბევრი კატეგორია არსებობს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკი ქვეყნის რისკია, რომლის ქვე-კატეგორიაა პოლიტიკური რისკი. ანუ, შეიძლება კომპანია იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ თუ ქვეყანა, რომელშიც ის ოპერირებს, შეიცავს მაღალ ქვეყნის, და მათ შორის, პოლიტიკურ რისკებს, ეს აუცილებლად აისახება უარყოფითად ამ კომპანიის აქციების ფასში.
- ის რაც დავინახეთ 15 მაისის სავაჭრო დღის გახსნისას (ჩვენი ბანკების აქციების ფასების ძალიან აგრესიული ვარდნა) არის ეფექტური ბაზრის პრინციპის კლასიკური მაგალითი. ეფექტური ბაზარი გულისხმობს არსებული ინფორმაციის სრულად ასახვას ფასიანი ქაღალდების ფასში.
- არავის არ შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსებს არ გამორჩენიათ არცერთი სიტყვა და მოძრაობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. სამოქალაქო საზოგადოების ვნებათაღელვა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ჩვენი ბანკების აქციების ასეთი ვარდნა. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება პირიქით, მდგრადობის საწინდარია. ფასების ვარდნა გამოიწვია კანონის მესამე მოსმენამ და ო’ბრაიანის სიტყვით გამოსვლამ, რომელშიც არ ჟღერდა ოპტიმიზმი. საერთაშორისო ბაზარმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ეს მოვლენები და შესაბამისმა სიგნალმაც არ დააყოვნა. სიგნალის დრამატულობაზე მეტყველებს აქციების ფასის ვარდნის სიმკვეთრე (15%+) და ტემპი.
- ცხადია რისკები არ არის სტატიკური. ნებისმიერმა მოვლენამ შეიძლება ის გაზარდოს ან შეამციროს. ბაზრის პასუხი რისკის გაზრდაზე ან შემცირებაზე გამოიხატება საპროცენტო სარგებლის გადათვლაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს დაკრედიტებულ ეკონომიკაში ყველაზე და ყველაფერზე აისახება. მომდევნო კვირების მოვლენები დამატებით აისახება აქციების ფასებშიც და იმ საპროცენტო განაკვეთებში, რომელთა პირობებშიც ჩვენი ეკონომიკა გააგრძელებს ცხოვრებას თუ არსებობას.
- ქართული ეკონომიკა არის დამოკიდებული იმპორტზე. ჩვენ უფრო მეტს მოვიხმართ ვიდრე ექსპორტზე ვუშვებთ, შედეგად დამოკიდებული ვართ უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ამავე დროს, პოლიტიკური რისკი მნიშვნელოვნად მოქმედებს გაცვლით კურსზე. ამიტომ არ არის გასაკვირი არც ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება. გაუარესებული ლარის კურსი რომ ძალიან ცუდია, ამაზე აღარ გავჩერდები. მგონი გვესმის რომ ეს ყველას გვეხება, ჩვენს შინაურ ცხოველებსაც კი!
- ქართული ეკონომიკა არის ძალიან პატარა, სუსტი და არამდგრადი სტრუქტურით. მცირე ზომის გამო მას არ გააჩნია ინერტულობა, ანუ თვისება რომელზეც დამოკიდებულია ეკონომიკის როგორც მასის აჩქარება, სხვა მოვლენასთან ურთიერთქმედების, შედეგად. როდესაც ეკონომიკის მოცულობა არის ასეთი დაბალი, ნებისმიერი შოკური ან უარყოფითი მოვლენის შემთხვევაში მასში ცვლილებების ტემპი უფრო ჩქარია ვიდრე ის იქნებოდა დიდი ეკონომიკის შემთხვევაში. ანუ, ჩვენს ეკონომიკას არ გააჩნია დამცავი ბალიშები, რომ გადაცემის ეფექტი შენელდეს და შესაბამისად შერბილდეს/დროში გაიჭიმოს. კი, ჩვენი ბანკები კარგად რეგულირებული, კაპიტალიზებული და დარეზერვებული არიან. მაგრამ ნუ გამოვცდით მათ, ეს ძალიან ცუდი და სახიფათო თამაშია.
- დამცავი ბალიშის როლს ვერ შეასრულებს ვერც მთავრობა, ვერც პარლამენტი და ვერც კერძო ფული. არც საბანკო სისტემაა ვალდებული ეს როლი შეასრულოს, მით უმეტეს უფასოდ. საბოლოოდ დაზარალებული გამოვა როგორც ყოველთვის ჩვენი მოსახლეობა, რომლის ნაწილს მიაჩნია რომ არაფერი საერთო ამ მოვლენებს მასთან არ აქვს", - დაწერა გულედანმა.
15 მაისს საქართველოს ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა. ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 4.59 თეთრიანი ვარდნა განიცადა და კურსმა 2.7323 ლარი შეადგინა. თუმცა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გაუფასურება ვაჭრობის შემდგომ საათებშიც გაგრძელდა და ერთი დოლარის ღირებულებამ ამ სისტემაში 2.8348 ლარს მიაღწია, რაც ყველაზე დიდი გაუფასურებაა 2022 წლის სექტემბრის მერე.
ამასთან, გუშინ, დღის ბოლოსთვის "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.08%-ით შემცირდა, რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულება, კლება 14,92%-ია, "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.8%-ით შემცირდა.