„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს შემთხვევაში მარეგულირებელს, არის რეგულირების ფილოსოფიაში ერთი და იგივე პოლიტიკის გატარება საბანკო სექტორთან და კაპიტალის ბაზართან მიმართებით,“ - ამის შესახებ BM.GE-სთან კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი აცხადებს.
იგი თვლის, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად საზედამხედველო ფუნქციები არ უნდა იყოს კონცენტრირებული ეროვნულ ბანკში და მას ცალკე რეგულატორი უნდა ჰყავდეს. მისი თქმით, რთულია ამხელა ინსტიტუციის ცალკე აშენება, თუმცა შესაძლებელია რეგულირების ფუნქციები უფრო ოპტიმალურად გადანაწილდეს.
„თუ რეგულირების ფუნქცია არის მარეგულირებელში, რომელიც ამავე დროს მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს, რა თქმა უნდა ასეთი დაშვებები კეთდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მნიშვნელოვანია ე.წ ჩინური კედლის აშენება ამ ინსტიტუციის შიგნით, რაც გულისხმობს იმას, რომ ის პირები, რომლებიც რეგულირების პოლიტიკას ატარებენ, არ იყვნენ კონტაქტში და გავლენის ქვეშ იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ატარებს მონეტარულ პოლიტიკას და მათ შორის არეგულირებს საბანკო სექტორს.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს შემთხვევაში მარეგულირებელს, არის რეგულირების ფილოსოფიაში ერთი და იგივე პოლიტიკის გატარება საბანკო სექტორთან და კაპიტალის ბაზართან მიმართებით. ერთი მხრივ საბანკო სექტორი არის დაცული სექტორი და აუცილებელია კონსერვატიული რეგულირება და პრობლემების და დარღვევების წინასწარი პრევენცია, მაშინ როდესაც კაპიტალის ბაზარი არის იმ ტიპის სექტორი, რომელშიც შენ კი არ ზღუდავ განვითარებას, აძლევ ასპარეზს მოთამაშეებს, მაგრამ აუცილებლად აჩვენებ, რომ თუ რამე დააშავეს და არასწორად მოხდა ამაზე რეაგირება, გაქვს ძალიან მკაცრი აღსრულების სისტემა. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ფილოსოფიური განსხვავება რეგულირებაში ფინანსური ბაზრის ამ ორი სეგმენტის და ზუსტად ამით განსხვავდება ეს ორი ბაზარი ერთმანეთისგან.
თუ მარეგულირებელი, რომელშიც ეს ფუნქციებია გაერთიანებული, არ ასხვავებს ამას ფილოსოფიურად და ეს განსხვავებები რეგულირების მიდგომებში არ არის ასახული, მაშინ მიზანშეწონილია მარეგულირებელი იყოს ცალკე, მაგრამ წარმოიდგინეთ ეს არის პატარა ქვეყანა, ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, მაგრამ ძალიან რთულია ამხელა ინსტიტუციის ცალკე აშენება და ამ ფუნქციების გადატანა, თუმცა ამის შესაძლებლობა არის",- აცხადებს მარინა გულედანი.
მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეგულირების ფუნქცია შესაძლებელია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმაც შეითავსოს.
"შეიძლება რეგულირების ფუნქციების უფრო ოპტიმალურად გადანაწილება. მაგალითად იგივე დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოსთან, რომ ეს არ იყოს კონცენტრირებული ეროვნულ ბანკში, რადგან სებ-ს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო ფუნქცია აქვს. საბანკო სექტორი შეიძლება დარჩეს, მაგრამ ეს ფუნქცია გამოეყოს.
დიდი დისკუსიის თემაა. მგონია, რომ არასოდეს ჩვენი სექტორი არ დამსხდარა და გამჭვირვალედ ამაზე არ უსაუბრია. ეს თემა იმსახურებს განხილვას და ინსტიტუციურად ამ ფორმით დარეგულირებას, მით უმეტეს თუ ბაზარი განვითარდება და ისეთი ზომის გახდება და იმდენად დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, რომ უნდა დაეთმოს ცალკე ინსტიტუციური რესურსი და ყურადღება“,- განუცხადა მარინა გულედანმა BM.GE-ს.