მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა მთავრობა ტურიზმის სექტორს სესხების მომსახურებაში კიდევ დაეხმაროს?

5eff457f4c6fb
თელარა გელანტია
03.07.20 20:00
983
ტურიზმის ინდუსტრია, რომ საბანკო სესხების კიდევ ერთხელ გადავადების მოლოდინშია, ამას Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშიც აჩვენებს.

საინვესტიციო ბანკმა 2020 წლის ივნისის პირველ კვირაში 150-მდე სასტუმროს ჰკითხა - რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ და 73%-მა მოითხოვა საკრედიტო შენატანების 2020 წლის ბოლომდე გადავადება, 66%-მა - სესხზე საპროცენტო შენატანების სუბსიდირება და თითქმის ამდენივემ საგადასახადო შეღავათები. კიდევ ერთ კითხვაზე - „შეგექმნებათ თუ არა პრობლემა ვალდებულებების ნაწილში“, ასევე, უმრავლესობამ - 73%-მა დადებითი პასუხი გასცა.

Bm.ge-მ ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს ჰკითხა - გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენამ მინიმუმ ივლისის ბოლომდე გადაიწია, რამაც ტურიზმის ინდუსტრიაში გაურკვევლობა კიდევ უფრო გაზარდა, აპირებს თუ არა მთავრობა დარგისთვის მხარდაჭერის მორიგი პაკეტის შეთავაზებას, კერძოდ, საბანკო ვალდებულებების დაფარვის ნაწილში, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„თქვენ იცით, რომ ბანკებთან ერთად გავაკეთეთ სესხების გადავადების პირველი ეტაპი; ამის შემდეგ ისინი მეორე ეტაპზეც წამოვიდნენ და რაღაც კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებენ (სასტუმროები) უვადებენ სესხებს... ამ ეტაპზე ეს შემიძლია გითხრათ.... დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის: Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასტუმროებსა და რესტორნებზე გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარია და იმისთვის, რომ ბიზნესმა 1 წლის განმავლობაში სესხის პროცენტი გადაიხადოს, 115 მლნ ლარია საჭირო.

შეგახსენებთ: მთავრობის მიერ შემუშავებული ტურიზის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განთავსების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ, 2020 წლის ბოლომდე კი საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდათ. საგადასახადო შეღავათების გარდა, ანტიკრიზისული გეგმა 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასტუმროების სესხების სუბსიდირებასაც მოიცავდა, რისთვისაც 60 მილიონი ლარი განისაზღვრა.