28.იანვარი .2020 17:43

APM Terminals: მთავრობის დახმარებაში დარწმუნებული ვართ

views 958
უკან

ფოთის ნავსადგურის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი აცხადებს, რომ ახალი ნავმისადგომების $250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან. APM-ის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14.5 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტროსა და APM-ს შორის ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. 

დღეს APM Terminals-მა პროექტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი განხორციელების შემთხვევაში, ფოთში ტვირთბრუნვას მნიშვნელოვნად გაზრდის. 

"აღნიშნული ინვესტიცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოთის საზღვაო ნავსადგურში არის ნათელი მაგალითი ჩვენი ერთგულებისა და რწმენისა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორის განვითარების ძალისხმევისადმი. ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომლის ხარჯიც უმნიშვნელოა ქართველი გადასახადების გადამხდელებისათვის, იქნება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარების საწინდარი,
შესთავაზებს რა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ლოგისტიკურ მომსახურებებს და გამოიყენებს მსოფლიო დონის კომპანიის გამოცდილებასა და რესურსებს, ასევე, შექმნის ათასზე მეტ დამატებით სამუშაო ადგილს და სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობას ნავსადგურსა თუ მის გარეთ“,  - ამბობს კელდ ქრისტენსენი, "ეიპიემ ტერმინალს" ფოთის გენერალური დირექტორი. 

"ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული
ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში,", - ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, APM ფოთის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანია "მთავრობის მხარდაჭერაში დარწმუნებულია".

კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით, ხოლო თავად პროექტი "მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მათ მხარდაჭერას, რათა ყველა საჭირო ნებართვა მიღებულ იქნას დროულად,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა