ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.
„ეკონომიკის ახალ მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილის შევხვდით და დაახლოებით, ორი თვე ითხოვა“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტთან დაკავშირებით დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში გამოავლენს.
„მარიამ ქვრივიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით გავმართეთ. მინისტრს წინამორბედისგან აქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ გვითხრა, რომ დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა უფრო სიღრმისეული ანალიზი მოახდინოს. თქვენ იცით, რომ წინა მინისტრის [ლევან დავითაშვილის] დროსაც გარკვეული სახის შეკითხვები არსებობდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები. ჩანს, რომ ქალბატონ მარიამს აქვს ინფორმაცია [პროექტის შესახებ] და ითხოვა გარკვეული პერიოდი, რაც ლოგიკურიც არის, რადგან ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას და მათ სჭირდებათ პოზიციის შეჯერება, ალბათ მთავრობის მეთაურთანაც. დაახლოებით, 2 თვე ითხოვა მინისტრმა და დაგვპირდა, რომ აუცილებლად დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას“, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.
რას მოიცავს ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?
ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, გაფართოების პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.
გაფართოების გეგმა მოიცავს არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობას. ასევე, პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობას.
ანგარიშის თანახმადვე, APM Terminals-მა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„პორტის გაფართოება მოგვცემს შესაძლებლობას, მოვემსახუროთ აბსოლუტურად ყველა სახის საზღვაო ხომალდს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, შემოვიდეს ბოსფორის სრუტეში“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
რას ითხოვს APM Terminals-ი სახელმწიფოსგან და რაში ვერ არწმუნებს მთავრობას?
„ფაქტია, გვიანდება პროექტის განხორციელება“ - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი და მიაჩნია, რომ პოლიტიკური ნება არის მთავარი ფაქტორი, რატომაც სახელმწიფო და APM Terminals-ი პორტის გაფართოების პირობებზე ვერ შეჯერდნენ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ ორ საკითხზე, რომელიც სახელმწიფოსთან მოლაპარაკების საგანი იყო და მათგან ერთზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, პოზიციები შეჯერებულია და სახელმწიფო თანახმაა, 1.5 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის მშენებლობის და პორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთზოლიანი რკინიგზის აშენება-დაერთების პასუხისმგებლობა აიღოს. საუბარია, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ინვესტიციაზე.
„ამ საკითხზე წერტილი დასმულია, მაგრამ ზოგადად, კარგი იქნებოდა, ფოთის არსებული რეალობიდან გამომდინარე, შემოვლითი გზის მშენებლობა, რადგან ობობას ქსელივითაა ქალაქში ტერმინალები“, - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
ამასთან, ამ დრომდე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს ფოთის პორტის გაფართოებისთვის საჭირო მიწების გადაცემის საკითხი.. ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საუბარია იმ მიწაზე, რომელიც მდინარე რიონის მიერ ნაშალი მასალის ჩამოტანით შეიქმნა და „APM ტერმინალსის“ მიერ წლების წინ შეძენილი 100 ჰა ზღვის სანაპიროს არეალში ექცევა. მოლაპარაკებების საგანია, თუ რა თანხად მოუწევს "APM ტერმინალს" სახელმწიფოსგან ამ მიწის გამოსყიდვა.
„ეს მიწა სახელმწიფოს აზომილი აქვს და დაფიქსირებულია როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა და ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება. საკითხი, ჯერჯერობით ღიაა, იყო საუბარი, სიმბოლურ ფასად ან საინვესტიციო ვალდებულებით შეგვეძინა... ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გატანას საჭიროებს, რადგან სცილდება ეკონომიკის მინისტრის კომპეტენციას. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ველოდებით მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მან.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი მტკიცებით ფორმაში საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაჭიანურების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტი იყოს.
„არ შეიძლება კონკურენტ პროექტზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი აქვს და შეიძლება ამასაც დავუკავშიროთ“, - აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილმა.
ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან
- ალბათ ინვესტორის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ რამდენი ხანი დაელოდებით საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკური ნების გამოვლენას ფოთის პორტის გაფართოების საკითხზე?
- ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი დაგვპირდა, რომ 1 ან მაქსიმუმ 2 თვის შუალედში დავბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან...
- „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გქონიათ შეხვედრა?
- ირაკლი კობახიძესთან - არა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილთან 2-ჯერ გვქონდა შეხვედრა. ასევე ჩვენი რეგიონული დირექტორი იყო ჩამოსული, რომელიც აფრიკის და ევროპის რეგიონის დირექტორია. გარდა ამისა, „ეიპიემ ტერმინალსის“ მთელი ჯგუფის დირექტორიც იყო საქართველოში ჩამოსული. ასევე, შეხვედრა დავოსშიც შედგა. მოკლედ, პრემიერის და ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის დონეზე შეხვედრები გვქონდა. ჩვენ ვიცავთ სუბორდინაციას - გვქონდა ურთიერთობა ბატონ ლევან დავითაშვილთან, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი და ახლა - ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს შევხვდით.
- თქვენ აცხადებთ, რომ ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებული საკითხების ნაწილზე სახელმწიფოსთან პოზიცია შეაჯერეთ, მიწების გადაცემის საკითხი ღიაა, მაგრამ „ეს მცირე საკითხია“. მაშინ რა არის მთავარი ბარიერი, რატომაც $300-მილიონიანი ინვესტიცია ჭიანურდება?
- პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი... მე რამდენჯერმე ვახსენე, რომ არ შეიძლება კონკურენტ პროექტზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი აქვს და შეიძლება ამასაც დავუკავშიროთ [მოლაპარაკებების გაჭიანურება].
- ანაკლიის პროექტს გულისხმობთ?
- შეიძლება... მე ვერ ვიტყვი. ის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობით განსახორციელებელი პროექტია, ჩვენი სრულად კერძოა პროექტია; ჩვენ გვაქვს ასეთი რეალობა - ფოთის ნავსადგური საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მატარებელია, 1858 წლიდან ფოთს საპორტო ქალაქის სტატუსი აქვს; ეს არაა მხოლოდ პორტის გაფართოების პროექტი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ, აქ არის 20-ზე მეტი საბაჟო ტერმინალი, რომელიც ფუნქციონირებს... არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ შეიძლება ეს [პროექტი] შეფერხდეს. ფოთის პორტის შეფერხება ნიშნავს რეგიონის და ცენტრალური აზიის შეფერხებას, რაზედაც გვაქვს აქცენტი და საიდანაც წამოსული ტვირთებიც უნდა შევინარჩუნოთ, რადგან გავა დრო, დამშვიდდება სიტუაცია სამეზობლოში და ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ნაკადები, ის სხვაგან გადამისამართდება. ტვირთი დანიშნულების პუნქტამდე ყოველთვის მიაღწევს, მაგრამ გვინდა, ჩვენი მარშრუტი გაიაროს....
- ვარაუდობთ, რომ მთავრობისთვის ანაკლიის პორტის აშენებაა პრიორიტეტი და ამიტომ არაა პოლიტიკური ნება ფოთის პორტის გაფართოებაზე?
- შეიძლება, ასე გადაჭრით ვერ ვთქვა...
- ანაკლიის პორტის მშენებლობა თუ დაიწყო, შეიძლება ფოთის პორტს გაფართოების საკითხი ისევ ღიად დარჩეს?
- ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა. ჩვენ ველოდებით, რომ გავა 1 თვე, ან 2 თვე და დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას. აბსოლუტურად ყველაფრისთვის ღია ვართ.
- რა არის ის გონივრული ვადა, რომლის მერე მთავრობას არ დაელოდებით და ეცდებით, სახელმწიფოს კონტრიბუციის გარეშე გააფართოონ პორტი, თან ხედავთ რა, ტვირთები მოდის და მეტი შემოსავალი ხომ „ეიპიემ ტერმინალსის“ ინტერესშიც შედის...
- თუ რეგიონს, მათ შორის ევროპას გადახედავთ, აბსოლუტურად მიღებული ფორმაა რომ ინფრასტრუქტურას ყოველთვის სახელმწიფო აშენებს. ტალღმჭრელი მოლის, ასევე, დამცავის მოლის მშენებლობა თუ პორტის დაღრმავება, რომელსაც ნავსადგურის გაფართოების პროექტი მოიცავს, არის სერიოზული ინვესტიცია კერძო კომპანიის მხრიდან; რადგან როგორც წესი, თუ ინფრასტრუქტურა არის, შეიძლება რამდენიმე ოპერატორი შემოვიდეს. „ეიპიემ ტერმინალსი“, შეიძლება, 100 წელი გაჩერდეს საქართველოში, მაგრამ ეს პირველ რიგში, იქნება საქართველოსთვის გაკეთებული ინვესტიცია...
- ფოთის პორტის გაფართოების საჭიროებაზე „ეიპიემ ტერმინალს“ ყოველთვის ერთი პოზიცია არ ჰქონდა... ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაფართოების პროექტის გაჭიანურება ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილებითაც ახსნა... დღეს ნამდვილად სურს „ეიპიემ ტერმინალსს“ პორტის გაფართოება?
- დღეს, ნამდვილად სურს... და ველოდებით სახელმწიფოსგან პოლიტიკურ ნებას.




























