ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-ში გასულ 2023 წელს წარმატებულად აფასებენ. მათი მონაცემებით, წლის განმავლობაში პორტმა რეკორდული რაოდენობის - 592,589 ერთეული კონტეინერი (TEU) მიიღო, ეს 2022 წელთან შედარებით 234,732 კონტეინერით მეტია და პორტის არსებობის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობების დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განმარტავს, რომ APM Terminals Poti-ს გასულ წელს 550 000 TEU-ს გატარების შესაძლებლობა ჰქონდა დეკლარირებული, თუმცა ეს მაჩვენებელი გადაჭარბებით შეასრულეს.
„როგორი კარგი წელიც არ უნდა იყოს, ყველა კომპანია წელს გეგმავს, რომ 10-15%-იანი გაუმჯობესება ჰქონდეს. აღნიშნულ მაჩვენებლამდე მისვლა ჩვენს გარშემო არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია და 66%-იან ზრდას არავინ გეგმავდა“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პორტის ოპერირებას საკონტეინერო მომსახურების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, „ეიპიემ ტერმინალსმა“ პორტის განვითარების გეგმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეცვალა და ნაყარი და მშრალი ტვირთების ნაცვლად, საკონტეინერო ტერმინალის პროექტის მშენებლობას 2024 წელს დაიწყებს. გეგმის მიხედვით, ფოთის პორტის გაფართოებისთვის 250 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტი ითვალისწინებს ახალი დამცავი მოლის და ნავმისადგომის აშენებას, ასევე ფსკერის დაღრმავებას. უნდა მოეწყოს საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალები. ამ ტერმინალში პირველი გემის მიღება კი 2026 წელს იგეგმება.
კომპანიის კომერციული ურთიერთობების დირექტორი აცხადებს, რომ ახალი ტერმინალი პორტის გამტარუნარიანობას გააორმაგებს.
„ჩვენ არამხოლოდ გავუმკლავდით, არამედ შევცვალეთ სამომავლო პროექტი, როდესაც დაგეგმილი გვქონდა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობა. ჩვენ ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან ერთად შევცვალეთ მოდელი და პირველ რიგში საკონტეინერო ტერმინალის განვითარებას ვაპირებთ - ახალი საზღვაო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, ეს იქნება ახალი ღრმაწყლოვანი პორტი. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ საუბარია 1.1 მლნ TEU-ზე ანუ გამტარუნარიანობა გაორმაგდება“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანია 2024 წელს წარმადობას მინიმუმ 20%-ით გაზრდის. APM Terminals-ში რეგიონის ბაზრების გარდა, შუა დერეფნის ათვისებისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით განვითარებაზეც მუშაობენ, რისთვისაც 2023 წელს ოფისი ყაზახეთში გახსნეს.
„ჩვენ 2023 წელს ყაზახეთში დავაფუძნეთ ოფისი. ჩვენი მიზანია ფოთის საზღვაო ნავსადგური არ იყოს მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მომსახურე პორტი, არამედ მასში უნდა შეიქმნას დამატებითი ღირებულება. შეიქმნას ე.წ. ჰაბი, ანუ შეკრება-განაწილების ცენტრი. ჩვენ გავხსენით ოფისი ყაზახეთში და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით - ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში უკვე პოპულარიზაციას ვახორციელებთ. ჩვენ კონტეინერიზაციის დაგეგმვა გვინდა, რათა ყველას გავაცნოთ, რომ არ არსებობს ტვირთი, რომლის გადაზიდვაც კონტეინერით არ შეიძლება. კონტეინერით ყველაფრის გადაზიდვა შეიძლება. ეს ლოგისტიკის მომავალია და ცენტრალური აზიის ბაზარს ამას ვაცნობთ. კონტეინერიზაცია ჩვენი დერეფნის მომავალი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გამტარუნარიანობას ვაუმჯობესებთ.
პარალელურად ჩვენ მუდმივი გაუმჯობესების პროცედურებს ვაგრძელებთ, როდესაც წარმადობის მინიმუმ 20%-ით გაზრდას ვგეგმავთ. არსებულ ვითარებაშიც კი ჩვენ გემების დამუშავების დროის შემცირება შევძელით და საბოლოო ჯამში წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელი მივიღეთ, ანუ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ჩვენ 20%-ით მეტი გემის მომსახურება შეგვიძლია. ასევე, ჩვენ მშრალი და ნაყარი ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებით დავგეგმეთ ახალი პროცედურები, ეს ე.წ. როტეინერის პრინციპი, როდესაც ჩვენ მშრალი და ნაყარი ტვირთების დამუშავება ნახევარკონტეინერების მეშვეობით შეგვიძლია. ჩვენ მზად ვართ და აბსოლუტურად ყოველ დღე საქართველოს რკინიგზასთან და საბაჟოსთან ვკონტაქტობთ, რომ რაიმე ახალი გამოწვევის წინაშე თუ დავდექით არსებულ მოცულობებს რამენაირად გავუმკლავდეთ“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი პორტის განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას.