ფაზები შევცვალეთ - ფოთის პორტის გაფართოება შეცვლილი პროექტით განხორციელდება, თუმცა ინვესტიციის მოცულობა, 250 მლნ დოლარი, უცვლელია.
როგორც „საქმის კურსთან“ “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა, გაზრდილი საკონტეინერო გადაზიდვების ფონზე, პორტის გაფართოების ფაზების ცვლილება გადაწყდა.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ დავსახეთ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, მაშინ პრიორიტეტული ნაყარი და გენერალური ტვირთები იყო. ახლა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გადავხედეთ მიმდინარე ტენდენციას, რომ 77%-ით იზრდება საკონტეინერო ტვირთები, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და პროექტის ფაზები შევაბრუნეთ. თუ ადრე პირველი ფაზა იყო გენერალური ტვირთების ნავმისადგომის მშენებლობა, ახლა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პირველ ეტაპზე, ავაშენებთ ახალ საკონტეინერო ტერმინალს“, - განმარტავს ზვიად ჩხარტიშვილი.
კითხვაზე: ჭიანურდება თუ არა მოლაპარაკებების დასრულება მთავრობასა და ინვესტორს შორის? “ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, სიჩქარეს მოცდა სჯობია, რათა ყველა დეტალი დაზუსტდეს და ათეულობით წლების შემდეგაც კი სიჩქარით დაშვებული შეცდომების თავიდან არიდება მოხდეს.
„ვერ ვიტყოდი, რომ მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან ჭიანურდება. ჩვენ ერთობლივად, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, შევცვალეთ პროექტი. ეკონომიკის სამინისტრო ახლა ელოდება ჩვენგან დაზუსტებას, რადგანაც ფაზა 1-ს ვცვლით ფაზა 2-ით. უნდა დაზუსტდეს დეტალები, როგორი იქნება პორტის გამტარუნარიანობა. იცვლება პორტის სტრუქტურა, დიზაინი უნდა შევცვალოთ და ჩვენც გვჭირდება დრო. პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დარჩა მხოლოდ დეტალები. ალბათ, ნიკო ნიკოლაძის შემდეგ არ განხორციელებულა ფოთში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიცია. სახელმწიფო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს რომ მოგვიმზადებს ინფრასტრუქტურას ( გზა, რკინიგზა) და ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. 2-3 თვით დაგვიანება სჯობს, რომ დაზუსტდეს დეტალები. შედეგად, ჩვენ ავირიდებთ ათეულობით წლების შემდეგაც კი გაურკვევლობას. ჩვენ უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ მთავრობას ახალ დიზაინს“, - განმარტავს ზვიად ჩხარტიშვილი.
გეგმის მიხედვით, ფოთის პორტის გაფართოებისთვის 250 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტი ითვალისწინებს ახალი დამცავი მოლის და ნავმისადგომის აშენებას, ასევე ფსკერის დაღრმავებას. უნდა მოეწყოს საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალები.
ამ დროისათვის არსებული გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის წელს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, მომავალ წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს მოხდება პირველი გემის მიღება ახალ პორტში.