მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი APM Terminals-ის ბრალდებებს პასუხობს

აბრეშუმის გზის ფორუმი

ფოთის პორტის ოპერატორი, APM Terminals-ი უკვე არაერთი წელია აცხადებს, რომ პორტის გაფართოებას და ღრმაწყლოვანი ტერმინალის მოწყობას გეგმავს, თუმცა კომპანიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები ხელმოწერის ეტამდე ვერ მივიდა. APM Terminals-ი იმედოვნებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმება გასულ წელს მოხდებოდა, თუმცა ის ამ დრომდე არაა შეთანხმებული და გაფორმებული. პროექტის საინვესტიციო მოცულობა $200 მილიონია.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიას მხარს მაქსიმალურად უჭერს მხარს, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესში არსებობდა არაერთი არასტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, რომლებზედაც კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობდა, ხოლო ყველა საკითხზე შეთანხმების შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება.

“თუ ყველაფერი შეთანხმებულია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კომპანიასთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობთ კომპანიასთან, ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც თანხვედრაში არ იყო პოზიციები, ეს იყო წვრილმანი საკითხები, არასტრატეგიული, თუმცა იყო ასევე ბევრი ტექნიკური საკითხი რაზეც მიმდინარეობდა კონსტრუქციული დიალოგი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან ახლოს ვართ პოზიციების დაახლოებასთან, ამის შემდეგ ყველა დეტალზე შევჯერდებით, რა თქმა უნდა ჩვენ შევუწყობთ კომპანიას ხელს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან ყველა საკითხი მოგვარებულია, მზად არის ყველა სახის დოკუმენტაცია და დარჩენილია მთავრობასთან მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება. მისი თქმით, მთავრობას კომპანიამ არაერთხელ წარუდგინა როგორც სიტყვიერი ისე წერილობითი გარანტიები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროში გაჭიანურდა.

“დასრულებული არის მოლაპარაკებების ის ნაწილი რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების სააგენტოს შორის იმართებოდა და შეგვიძალია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა. ამ ეტაპზე ვერ დავარქმევთ რომ შეფერხდა, დაველოდოთ მოვლენები განვითარებას,”-ამბობს “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილის განმარტებით, ისინი მზად არიან იმ შემთხვევაში თუ ახალ პრემიერ მინისტრს კითხვები ექნება უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ და მათ ყველა კითხვას უპასუხონ. მისი თქმით, დრო აღარ იცდის, რადგან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ არ მოხდა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებას საქართველო ვერ მოახერხებს. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას შესაძლოა პრობლემები შეექმნას კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებითაც, რადგან პორტის გაფართოებაზე მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები 2 წელია მიმდინარეობს.

“ჩვენ ავუხსენით ეკონომიკის სამინისტროს, რომ დღეს თუ ჩვენ ვიმყოფებით იმ სიტუაციაში რომ ფოთის ნავსადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი შუა დერეფნის განვითარების პროცესში, ხვალ შეიძლება ეს გახდეს ე.წ ჩიხი. თუ გამტარუნარიანობა სტაბილურად არ შენარჩუნდა და არ გაიზარდა მაშინ მივალთ იქამდე რომ ეს იქნება ჩიხი. ეს რომ არ მივიღოთ ამიტომ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავაჩქაროთ პროცედურები. შეიძლება დაჩქარებაც აღარ ეწოდოს, უკვე როცა 2 წლის განმავლობაში მიდის მოლაპარაკებები, ამიტომ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ოდნავ შეფერხებულია. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, თუ ჩვენ არ განვითარდით ჩვენს უკან დგას კონტრაქტორი. ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება, ეს უკავშირდება მთელ რეგიონს და შუა დერეფანს.”-ამბობს “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.

მათი თქმით, პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე Ship to Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც ეიპიემ ტერმინალს ფოთი შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს ფოთში შემოსულ გემებს. ამავდროულად, პროექტის განხორციელება, ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 000 TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს.

გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები