მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ავტომობილების რეექსპორტი 87%-ით შემცირდა - სექტორი 10-წლიან მინიმუმზეა

5ede21597e600
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 16:15
1126
აპრილში საქართველოდან რეექსპორტის სახით გასული ავტომობილების ღირებულებამ $6.9 მილიონი დოლარი შეადგინა - ავტომობილების ასეთი მცირე რეექსპორტი ბოლოს 2009 წლის დეკემბერში იყო. შესაბამისად, COVID-19-ის კრიზისის გამო, ამ სფეროს შემოსავალი ბოლო 10 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე არის შემცირებული.

2019 წელს ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელმა 2014 წლის შემდგომ რეკორდულ მაჩვენებელს $686.7 მილიონს მიაღწია. რეექსპორტის მთავარი ბაზარი აზერბაიჯანი იყო.

2020 წლის იანვარ-მარტში რეექსპორტი $127 მილიონს (თვეში საშუალოდ $42 მილიონს) შეადგენდა. აპრილში კი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვიდან გამომდინარე, ამ სფეროს შემოსავალიც დაეცა.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შემცირება ასე გამოიყურება:

● აზერბაიჯანი - $5.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 72%;
● უკრაინა - $251 ათასი დოლარი, კლება წინა წელთან 95.5%;
● რუსეთი - $242 ათასი დოლარი, კლება წინა წელთან 65%;
● სომხეთი - $87 ათასი დოლარი, კლება წინა წელთან 99%.

2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა.

2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც.

თუმცა, უკვე 2017 წლიდან ვითარება გაუმჯობესდა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის დარგი კვლავ დაწინაურდა, თუმცა COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, ავტომობილებით ვაჭრობა, სხვა საექსპორტო პროდუქტებთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება.