საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები 2020 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით 1 მილიარდ 515 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეზობელმა ქვეყანამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის 7%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო სალდო დადებითია და ვაჭრობის ზრდა ძირითადად ექსპორტით არის განპირობებული.
2023 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის #1 საექსპორტო მიმართულება იყო და მთლიან ექსპორტში 14.2%-იანი წილი ეკავა. ჯამში გასულ წელს აზერბაიჯანში 862 მილიონ 070 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 28.2%-ით აღემატება. თავის მხრივ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ექსპორტის ასეთი მაჩვენებელი საქონლის რეექსპორტის ზრდითაა განპირობებული. რეექსპორტს მთლიან ექსპორტში 82.3% ეკავა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაჭრობა და ექსპორტი დიდწილად არა ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტით, არამედ საქართველოში შემოტანილი საქონლის რეექსპორტის გამო გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი მსუბუქი ავტომობილებით იმპორტ-რეექსპორტს მიუძღვის.
სტატისტიკის ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტის ნახევარს 50.7%-ს ავტომობილები იკავებენ. ეს საქონელი გასულ წლებშიც TOP-საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს იკავებდა. 2023 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 41.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სხვა უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, რომლებიც გასულ წელს აზერბაიჯანში გაგვქონდა, TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $437.2 მლნ, 22 393 ცალი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $35.4 მლნ, 2 336 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $26 მლნ, 670 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები - $25.9 მლნ, 3 042 ტონა;
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - $25.6 მლნ, 1 246 ტონა;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $25.3 მლნ, 37 249 ტონა;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - $19.2 მლნ, 5 169 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $15.8 მლნ, 12 425 ტონა;
- ცხვრები და თხები ცოცხალი - $14.8 მლნ, 6 518 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - $13.5 მლნ, 19 187 ტონა;
BM.GE-იმ საქსტატიდან ის უმსხვილესი 5 კომპანია გამოითხოვა, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანში ექსპორტს ახორციელებდა. ესენი არიან: შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ტოიოტა კავკასია; შპს უნივერსალექსპორტ; შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი; შპს ჯეი თი აი კავკასუს.
ექსპორტთან შედარებით აზერბაიჯანიდან საქართველოში საქონლის იმპორტი მცირეა, თუმცა ამ ქვეყნიდან შეძენილი საქონლის ღირებულებაც გაიზარდა და აზერბაიჯანმა უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში 4.2%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯამში გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის შესაძენად 653 მილიონ 911 ათასი დოლარი გავიდა. შესაბამისად იმპორტი წლიურად მცირედ - 2.1%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნებს შორის იმპორტი რეკორდული იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობისა აირები და ასევე ნავთობპროდუქტები იყო. TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $313.4 მლნ, 1 768 395 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $95.4 მლნ, 112 388 ტონა;
- ცემენტი - $57 მლნ, 871 614 ტონა;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $32.2 მლნ, 51 337 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $20.9 მლნ, 217 ცალი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $11.5 მლნ, 860 ტონა’
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $10 მლნ, 56 249 ტონა;
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - $8.9 მლნ, 263 189 ტონა;
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - $4.8 მლნ, 6 318 ტონა;
- მავთულები იზოლირებული, კაბელები - $4.3 მლნ, 1 233 ტონა;
აზერბაიჯანიდან საქონლის იმპორტიორი TOP-5 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალი კი ასეთია: შპს დაფნა; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი; შპს ფორ დირექშნს ჯეორჯია; შპს ციტადელი; შპს ჯორჯიან პეტროლიუმი.