მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პროდუქტი გახდა. რუსეთ -უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველომ ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. 2023 წელს ქვეყანაში 3.162 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 84.5%-იან ზრდას აჩვენებს. ავტომობილების 42% -ის შემთხვევაში ($1.8 მლრდ) მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია. ამერიკის შეერთებული შტატები ამ ფაქტორის გამო, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში, 1.949 მლრდ დოლარით, მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, საიდანაც იმპორტი 2.57 მლრდ დოლარი იყო.
უფრო მკვეთრად, 135%-ით გაიზარდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. ჯამში, საექსპორტო ბაზრებზე 2.127 მლრდ დოლარის ავტომობილები გავიდა და საექსპორტო ბაზრების მთლიანი სტრუქტურა შეცვალა.
ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. ამ ქვეყანაში 617.9 მლნ დოლარის 16,831 ავტომობილი გავიდა. 1 ავტომობილის საშუალო ფასი 36,713 დოლარია. მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 519.8 მლნ დოლარით (39,896 ავტომობილი), მესამეზე აზერბაიჯანი - 437.2 მლნ დოლარით (22,393 ავტომობილი)
მსუბუქი ავტომობილების საექსპორტო ბაზრები 2023 წელს
- ყირგიზეთი - 617.92 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 591.85 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 437.23 მლნ დოლარი
- სომხეთი - 298.55 მლნ დოლარი
- რუსეთი - 67.13 მლნ დოლარი
- ტაჯიკეთი - 29.25 მლნ დოლარი
- ბელგია - 19.55 მლნ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 17.6 მლნ დოლარი
- უკრაინა - 17.05 მლნ დოლარი
- თურქეთი - 9.5 მლნ დოლარი