მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მივიღოთ - მთავრობა

5ff43631d32fd
თელარა გელანტია
05.01.21 13:46
1162
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და შესაბამისად, დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. აღინიშნა, რომ ის კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე არსებული ცნობილი შტამი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სხდომაზე ასევე განიხილეს ინტენსიური ტესტირების პროცესის მიმდინარეობა და საუბარი შეეხო, იმ დამატებით ნაბიჯებს, რაც მათ შორის, სისტემური მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების კუთხით იდგმება, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს", - ნათქვამია გავრცელებული რელიზში, მაგრამ არაა მოცემული მეტი კონკრეტიკა, თუ რა გაზომვადი ნაბიჯები გადადგა სპეციალურმა კომისიამ.