19.მაისი .2022 13:50

აქტივი, რომელიც ფრიდმანმა საქართველოს უნდა აჩუქოს, 2013 წელს $460 მლნ ღირდა

აქტივი, რომელიც ფრიდმანმა საქართველოს უნდა აჩუქოს, 2013 წელს $460 მლნ ღირდა
views 6585
უკან

IDS Borjomi International-ის მესაკუთრე იცვლება - "ალფა ჰოლდინგი", რომელიც რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია, დღეს აცხადებს, რომ კომპანიის წილის უსასყიდლოდ გადაცემისთვის მზად არიან. საუბარია კომპანიის "წილზე", თუმცა რა არის ამ "წილის" ზუსტი მოცულობა, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა. IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს - "ალფა ჯგუფი", 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. სავარაუდოდ, განცხადებაში საუბარია სწორედ "ალფა ჯგუფის" საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილის ან სრულ ან ნაწილობრივ გადაცემაზე. 2013 წელს "ალფა ჯგუფა" ეს აქტივი $460 მილიონად შეიძინა. 

"ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში; ვინაიდან განცხადებაში ნახსენებია სიტყვა "მონაწილეობა", ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არ იქნება ერთადერთი აქციონერი, არამედ ერთ-ერთი აქციონერი ამ კომპანიაში. 

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. კომპანიას უკრაინასა და რუსეთში ათასობით დასაქმებული ჰყავს. 

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით "სასიამოვნო სიახლეებს" მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა. დღეს ეკონომიკის სამინისტრომ "ბორჯომის" განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ კომპანიის შემოთავაზებას ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები განიხილავენ. საქართველოში IDS Borjomi-ს ჩამომსმხელი ქარხნები აპრილში გაჩერდა. კომპანია მიუთითებდა, რომ საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, მათ ფინანსებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ და ჩვეულებრივი ოპერირების გაგრძელება არ შეეძლოთ.

"ბორჯომის" გასხვისების ისტორია ასეთია:

"ბორჯომმა" საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1995 წელს კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში "ბორჯომი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners-ი შევიდა. 2002 წელს დაფუძნდა კომპანია IDS Borjomi International-ი. სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე "ბორჯომისა" და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია.

2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - "ლიკანი", "მიტარბი" და "ბაკურიანი" წარადგინა. ამავე წელს, მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი - რუსეთი დაიხურა.

2008 წლის 12 თებერვალს მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში გარდაიცვალა. ამ პერიოდისთვის IDS Borjomi International-ის 100%-იანი წილი მის საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად 2008 წელს, ბორის ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford-ის აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო.

პარალელურად, პატარკაციშვილების ოჯახის ფინანსური მრჩევლები ოჯახისთვის ლიკვიდური აქტივების მოძიების გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სხვადასხვა ინვესტორთან, რომლებიც Borjomi-ს შესყიდვით იყვნენ დაინტერესებული. ინგლისისა და უელსის სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნული პერიოდის მოვლენები დეტალურად არის აღწერილი. მისი მიხედვით, Borjomi-ის ყიდვას ყველაზე სერიოზულად ორი ფინანსური ჯგუფი - მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-ი და ვლადიმირ ევტუშენკოვის AFK Sistema განიხილავდნენ.

2012 წლის დეკემბერში Alfa Group-სა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდა. Alfa თანახმა იყო შეეძინა IDS Borjomi International-ის 60%-იანი წილი $460 მილიონ დოლარად, პარალელურად, ოჯახი კომპანიაში 40%-იან წილს შეინარჩუნებდა. გარიგების უშუალო ორგანიზებაში ირაკლი რუხაძეც იყო ჩართული, რომელიც ამ პერიოდში ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.

აღნიშნულ პერიოდში პატარკაციშვილების ოჯახი მათი აქტივების აღდგენა/მოძიების პროცესის საწყის ეტაპზე იყო. ლონდონის სასამართლოს მიერ 2018 და 2022 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში აღწერილია, რომ ოჯახი ლიკვიდური აქტივების დეფიციტს განიცდიდა, სწორედ ამით იყო განპირობებული ბორჯომის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა.

2013 წელს კომპანია უკვე ახალი მესაკუთრით შეხვდა, ამ ფონზე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, "ბორჯომი" მისთვის უმსხვილეს - რუსულ ბაზარზე ბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა