მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არის გამორიცხული კომპანიებმა მაღაზიების მომარაგება ვერ შეძლონ - ივა ჭყონია პარკირებისთვის ჯარიმაზე

631f7fca7f274
ალა ისპირიანი
12.09.22 23:27
5938
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის სექტემბრის ბოლო მონაცემებით, სულ 28 898 პარკირების ადგილია. როგორც ჩანს აღნიშნული რაოდენობა ავტომობილის მფლობელებისთვის საკმარისი არ არის, რადგან თბილისში მანქანის გაჩერება მუდმივი პრობლემაა. აღნიშნული ფაქტი პრობლემას სადისტრიბუციო ავტომობილების მძღოლებს განსაკუთრებით უქმნის, რადგან მაღაზიების პროდუქციით მომარაგების დროს ავტომობილების გასაჩერებელი ადგილები ხშირ შემთხვევაში არ აქვთ.

ამ სიტუაციაში მერიამ, თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინიციატივას, 81 ხმით, პარლამენტიც დაეთანხმა და საკანონმდებლო პაკეტიც უკვე დაამტკიცა.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგა. როგორც „საქმის კურსში“ ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განმარტა, ჯარიმების ზრდა სადისტრიბუციო კომპანიებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს და გამორიცხული არ არის კომპანიებმა მაღაზიების მომარაგება ვეღარ შეძლონ.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს ჩვენთვის უკვე საკმაოდ არის გართულებული. "ბასლაინები", სადაც გაჩნდება ჩვენთვის საპარკინგე ადგილები აღარ არის. განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვისაა რთული, ვისაც მძიმე პროდუქცია გააქვს. ჯარიმები კომპანიებისთვის ყოველთვის იყო ტვირთი და სანამ რამე რეგულაციას მიიღებთ, მანამდე ბიზნესს კითხეთ. ეს არის კოლოსალური ჯარიმები“, - ამბობს ჭყონია.

მისი თქმით, აღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად, ასოციაცია ცდილობს ევროპაში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს, რის შემდეგაც თბილისის მერიას მიმართავს.

„ევროპაში სავაჭრო ობიექტის გახსნის ნებართვას ისე არ აძლევენ თუ საპარკინგე ადგილი არ არის. აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან. ასევე წერილობით მივმართეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომ ევროპაში საუკეთესო პრაქტიკა რაც არის გამოგვიგზავნონ და ამის შემდეგ თბილისის მერიას მივმართავთ.

იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრა და აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნება. არ არის გამორიცხული ამ სიტუაციაში კომპანიებმა მაღაზიების მომარაგება ვერ შეძლონ“, - ამბობს ივა ჭყონია.

ცნობისთვის: პარკირების სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ მერიის სტრატეგიის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით აუცილებლად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილები, ისე, როგორც ეს ამჟამად ტაქსების შემთხვევაშია.