სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს მიერ 2017−2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის სისტემური აუდიტი ჩაატარა. შემოწმების ფარგლებში “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობაც შეისწავლეს, სადაც აუდიტის სამსახურმა დარღვევები და ნაკლოვანებები გამოავლინა, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტიანი და არაეკონომიური ხარჯვს მიზეზი.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან 90,352,000 ლარის გრანტია გაცემული.
აუდიტის სამსახურმა გარკვეული ნაკლოვანებები გამოავლინა სალიზინგო გრანტის/თანადაფინანსების კომპონენტში. მაგალითად: აუდიტის სამსახური წერს, რომ სააგენტოს არ აქვს მექანიზმები გააკოტროლოს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება გაცემული სესხი, აქედან გამომდინარე, სესხის მიზნობრიობის დაცვა ფაქტობრივად დამოკიდებულია სესხის მიმღები და გამცემი პირის კეთილსინდისიერებაზე.
“სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“-ს მხრიდან არასათანადო კონტროლის გამო, სალიზინგო კომპანიების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაში შეყვანილია კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ხარჯები. ასევე, სესხის თანადაფინანსების კომპონენტში, სააგენტოს კონტროლის მექანიზმები სესხის მიზნობრივ ათვისებაზე, საპროცენტო თანხების სწორად განსაზღვრაზე და ბენეფიციართა მიერ საქმიანობის დაწყებასა და პროფილის შენარჩუნებაზე, არადამაკმაყოფილებელია და დიდწილად დამოკიდებულია პროცესში ჩართულ მხარეთა კეთილსინდისიერებაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვა…
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტო არ ახორციელებდა სესხის მიზნობრივად გაცემისა და გამოყენების მონიტორინგს. შერჩევითი გადამოწმების შედეგად 32 ხელშეკრულებიდან 4-ში გამოვლინდა, რომ სააგენტომ სრულყოფილი სახით ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები”,- ნათქვამია დოკუმენტში.
საუბარია კიდევ ერთ დარღვევაზე, კონკრეტულად: მოქმედი კანონმდებლობით, „აწარმოე საქართველოში“ ლიზინგის/სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება.
“მიუხედავად ამისა, აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმებულია კომპანიებთან, რომელთაც გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. შედეგად, უგულებელყოფილია საკანონმდებლო მოთხოვნები”,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. მათივე ინფორმაციით, კანონდარღვევით გაფორმებულია ხელშეკრულებები შემდეგ კომპანიებთან: შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, შპს „ჯორჯიან ქარდბოარდი“, სს „არგო“.




























