მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაუმეტეს 3 გაკვეთილი და პერიოდულად თვალის ვარჯიში – მინისტრმა დისტანციური სწავლების შესახებ ბრძანება გამოსცა

5f591b4f8e278
თამთა ჯიჯავაძე
09.09.20 22:10
1584
რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება, - ამის შესახებ აღნიშნულია განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც დისტანციურ სწავლებას ეხება.

ბრძანების მიხედვით, დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

ასევე, სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

ხოლო მასწავლებლებთან მიმართებით, სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:

ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;
ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

ასევე, ბრძანებით განისაზღვრა დისტაციური სწავლების რამდენიმე მოდელი, ესენია:

ა) სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;
ბ) სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;
გ) ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.