უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახავს.
პროექტის მიხედვით, კორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლები.
კერძოდ, პროექტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში – ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, დისტანციური ფორმით განათლება მიღება შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს და აღიარებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და ისრაელში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დისტანციური წესით სწავლებასთან დაკავშირებით დაწესდა საგამონაკლისო რეჟიმი. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლობენ, საზღვრის 75-დღიანი კვეთის აუცილებლობა არ მოეთხოვებათ.