მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ინფლაცია დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა

6177cff076b87
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.21 16:29
794
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად მაღალ ინფლაციას მიიჩნევს.

მისი თქმით, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, 2022 წლიდან ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ამასთანავე, არჩილ გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ დღეს არსებული რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა, შეიძლება მსესხებლებზე ნეგატიურად აისახოს.

"დღეს ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ინფლაციის მიმართულებითაა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გაისად ინფლაცია შემცირდება და სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს მივა, თუმცა აქ მთავარი საფიქრალი არის რეფინანსირების განაკვეთი, რადგან ეს ძალიან ზევით არ წავიდეს და ძალიან მძიმედ არ დააწვეს ეს მოსახლეობას. ამ მიმართულებით, ალბათ ბალანსია დასაცავი და დღევანდელი რეფინანსირების განაკვეთი, ჩემი აზრით, უკვე ასახავს იმ დონეს, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს საჭირო მაჩვენებლებს.

ჯამში რომ შევხედოთ 2021 წელს, განსხვავებით 2020 წლისგან როდესაც ჩაკეტვები იყო, 2020-ში აქტიური იყო კორპორატიული დაკრედიტება და დაწყებული პროექტების გაგრძელება იყო და მათ შორის იპოთეკური სესხების წახალისების პროგრამა მოქმედებდა.

წელს კი აქტიური არის საშუალო ბიზნესი, სამომხმარებლო სესხები და მიკროსესხები. ანუ ფაქტიურად ფართოდ ბიზნესის თავიდან გააქტიურება მოხდა წელს, რაც ძალიან კარგი ნიშანია ეკონომიკური ჯანმრთელობის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკონომიკური გააქტიურება ნამდვილადაა, თუმცა ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა," - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

არსებული მდგომარეობით, ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე, 12.3%-მდე არის გაზრდილი. ასევე რეკორდულ დონემდე - 10%-მდე არის გაზრდილი სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი.

ხვალ, 27 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.