მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: მაღალი ინფლაცია ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთია

607400aee9c29
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 12:18
1165
“მაღალი ინფლაცია არის მძიმე ტვირთი ეკონომიკისთვის და ის აღარიბებს ყველაზე უფრო მოწყვლად მოსახლეობას", - განაცხადა “საქართველოს ბანკის” CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.

გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია იყოს გატარებული პოლიტიკა, რომელიც მის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

“რაც შეეხება ინფლაციას, რაც დაფიქსირდა 7.2% არის ძალიან მაღალი და ამას საკმაოდ რთული შედეგები შეიძლება მოჰყვეს თუ დროულად არ დაუბრუნდება ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რათა ეს დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.

მაღალი ინფლაცია არის მძიმე ტვირთი ეკონომიკისთვის და ის აღარიბებს ყველაზე უფრო მოწყვლად მოსახლეობას. ყველას აღარიბებს, მაგრამ მათ შორის უფრო მეტად ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას. ამის გამო, ყველანაირი ხერხი იმისთვის, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, უნდა იყოს გამოყენებული", - ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

“საქმიანი დილის” ეთერში გაჩეჩილაძემ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ კლასიკური ეკონომიკური თეორიიდან გამომდინარე, მთავარ სამიზნედ ინფლაციის სტაბილურობა არის არჩეული, არაერთი ქვეყნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ კურსის სტაბილურობაზე მეტი აქცენტის გაკეთება შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი შესაძლო არჩევანი.

“არსებობს დავა ეკონომისტებს შორის თუ რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, ეს უნდა იყოს კურსის სტაბილურობის შენარჩუნება თუ ინფლაცია. კლასიკური ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ეს უნდა იყოს ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება. არსებობს განსხვავებული აზრები, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკის ზომასთან მიმართებით აქაც შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ფასების დონის სტაბილურობა თუ გაცვლითი კურსი. ბევრი პატარა ქვეყნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტაბილური კურსი შეიძლება იყოს ალტერნატიული მოდელი, თუმცა დღეს ამის განხილვა არ ხდება", - აღნიშნავს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი.

2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრულ 3%-იან ინფლაციაზე 2.4-ჯერ მეტია. მზარდი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა დაწოლა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, რაც თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა. აღნიშნულის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარსაც გადააჭარბა. ეროვნული ბანკის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გაუფასურება ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული, მის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოცულობის სავალუტო რეზერვების გამოყენება არასწორი ნაბიჯი იქნება.