მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: მაღალი ინფლაცია, რა თქმა უნდა, პრობლემაა

5dc532f605531
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.19 13:40
1239
"საქართველოს ბანკის" CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკისთვის პრობლემას წარმოადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ვითარების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდგომ, "საქართველოს ბანკის" CEO-მ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, რეგიონალურ ჭრილში საქართველოს ბიზნესისთვის გახსნილი ბიზნესგარემო გამოარჩევს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მზარდ პრობლემად იქცა.

"სავალუტო ფონდის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ წარმოაჩინა რეგიონალურ ჭრილში, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ზრდასთან დაკავშირებით. საქართველო ბევრი კუთხით არის მოწინავე, ხაზგასმული იყო ის, რომ ფინანსებთან წვდომა საქართველოსთვის შედარებით ნაკლები პრობლემაა და ამ კუთხით არის მოწინავე ქვეყანა. ასევე, საბანკო სესხების ხარისხის მიმართულებით ვართ მოწინავე ქვეყანა მთელ რეგიონში, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ეს პრობლემები არ არის.

პრობლემა, რა თქმა უნდა, არის მაღალი ინფლაცია. იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ შემდეგი წლის ბოლომდე, ანუ 2020 წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ეს ინფლაცია დაუბრუნდება თარგეთის მაჩვენებელს", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვაზე კი "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მიზანი ამ კუთხით, როგორც ეროვნულმა ბანკმა აგვიხსნა, არის ინფლაციის შემცირება", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.