მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": საბანკო რეგულაციები ამჟამად უფრო მკაცრია, ვიდრე სასურველია რომ იყოს

5da70cc9c03a4
ლიკა გურაბანიძე
17.10.19 09:00
1468
„არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი დეველოპერულ ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე BM.GE-ისთან საუბრობს. როგორც ხეცურიანი აღნიშნავს, დეველოპერულ ბიზნესში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოღებული ე.წ. საბანკო რეგულაციების შედეგად, დღეისათვის, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ისეთი მზარდი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

„პირველ რიგში, დეველოპერისთვის მთავარი გამოწვევა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. უნდა განვითარდეს ბიზნესი და განვითარდეს ეკონომიკა, რათა ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა და განცდა ჰქონდეს იმის, რომ ბაზარზე სტაბილურობაა. მომხმარებელს მსხვილი ინვესტიციის განხორციელება უნდა შეეძლოს, მათ შორის ისეთის, როგორიც სახლის ყიდვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სტაბილურობის განცდა და მზარდი შემოსავალი.

მეორე საკითხია რეგულაციები, რომელიც ამჟამად უფრო მკაცრია, ვიდრე სასურველია რომ იყოს. გარკვეულწილად სებ-ის რეგულაცია იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ისეთი მზარდი არ არის, როგორიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ რეგულაციები განხილვას ექვემდებარება და მათზე მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება,“ - განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია. ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. მათ შორის მშენებლობის სექტორში FDI წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა და 4,2 მლნ დოლარი შეადგინა.