02.აგვისტო .2022 17:23

არსებობს ალბათობა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება გადავადდეს - Galt & Taggart

არსებობს ალბათობა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება გადავადდეს - Galt & Taggart
views 886
უკან

Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ არსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკული ბირჟა არ ამუშავდეს. ორგანიზაციის შეფასებით, ბირჟის ამუშავებისთვის საჭირო მარეგულირებელი ჩარჩო ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას, რის გამოც შესაძლოა, მისი გახსნა გადაიდოს.

“საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1-ელ ივლისს იგეგმებოდა; ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც პირველ მარტს ამოქმედებულა. ამჟამად რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება. მის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საკითხზე ღია კითხვები კვლავ არსებობს. სემეკ-სა და სხვა მარეგულირებლებს ესაჭიროებათ დარჩენილ ვადაში სარეგულაციო ხვრელების შესავსებად შესაბამისი აქტები მიიღონ. საჯარო განხილველი ზოგიერთ სარეგულაციო საკითხზე აგვისტოს თითქმის ყოველ დღეს არის დაგეგმილი.

დღით ადრე ბაზრის ამოქმედება წარსულშიც რამდენჯერმე გადაიდო და არსებობს მაღალი შანსები, რომ ის კიდევ ერთხელ გადაიდოს. ამის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან მკაფიო გზავნილები კეთდება, რომ ის არ გადაიდება,”- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

ივნისში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სექტემბერში ბირჟა აუცილებლად დაიწყებს საქმიანობას.

"2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თავად სენბ-ის ხელმძღვანელ ირინა მილორავას განმარტებით, ბაზრის მონაწილეები იცნობენ ახალ წესებს და 2021 წლიდან მოყოლებული ბირჟაზე სატესტო სავაჭრო სესიები იმართება.

“2021 წლის ნოემბრიდან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სატესტო სავაჭრო სესიები. ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც ვაჭრობენ, დღეს პრაქტიკულად მთელი ციკლის დანახვა შეუძლიათ - დაწყებული განაცხადის განთავსებიდან, დასრულებული ვაჭრობის შედეგების მიღებით, ინვოისის გამოწერით, ერთადერთი, რაც არ ხდება, ფინანსური ანგარიშსწორებაა.

მზადყოფნაში არიან ბაზრის ის მონაწილეებიც, რომლებსაც ეკისრებათ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება: ასეთები არიან უნივერსალური მიმწოდებლები, ასეთია ესკო, გარანტირებული ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილში, ასეთები არიან ქსელური ოპერატორები, რომლებიც დანაკარგების მიზნით ყიდულობენ ელ. ენერგიას - ისინიც მზად არიან, უკვე ვხედავთ, რომ სწორ სტრატეგიებს აყალიბებენ. მზად ვართ, რომ ბირჟა გაიხსნას 1 სექტემბერს”, - განმარტავს ირინა მილორავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა