მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ხუთი ბავშვის კი – მართვადია – ეზუგბაია

5e771037836d8
დავით ჯალაღონია
22.03.20 11:13
973
ასაკოვანი ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც სხვა პაციენტებთან შედარებით, მძიმეა, ამ ეტაპზე სტაბილურია – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ასაკოვანი ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ დრომდე სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩვენ ჯერ არ ველით. ეს არის პრობლემური ქალბატონი, რადგან ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, ძალიან ვფრთხილობთ კომენტარების გაკეთების დროს, რადგან გარკვეულ პერიოდში, ნებისმიერ დროს, მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მაგრამ ჯერჯერობით გაუარესების დინამიკა არ გვაქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება, კორონავირუსით დაავადებულ ხუთ ბავშვს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მართვადია.

„კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ორი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა შემოტანილი. მეორე, რომელიც ჩვენს ცენტრში არის, ეს არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ–ერთ ჯგუფთა კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის და იმედია, არ იქნება. სულ ხუთი ბავშვია ჩვენს ცენტრში და მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“, – აღნიშნა მან.

დღევანდელი მდგომარებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, 8 ახალ პაციენტზეა ასაღები ტესტი კვლევისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 54–მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, სრულად 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი იმყოფება.