მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშენებულია 350 კმ სიგრძის კაბელი, სულ ასაშენებელია 5 000 კმ - როგორ მიდის ინტერნეტიზაცია?

63d7b007f1f8c
თელარა გელანტია
30.01.23 19:00
1353
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა და ითქვა, რომ პროექტს $100-$150 მლნ დოლარით „ქართუ ფონდი“ დააფინანსებდა, რეალურად, მხოლოდ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ არა - ყოფილი პრემიერის საქველმოქმედო ფონდის ფულით. „ჩვენ დასაწყისში, როდესაც პრობლემა იყო დაფინანსების, გვერდით დავუდექით სახელმწიფოს... შემდგომ გაჩნდა სახსრები და დაფინანსდა აღნიშნული პროექტი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ განზე არ გავწეულვართ, თუ პროექტს გაუჭირდება კვლავაც დავეხმარებით“, - უთხრა BMG-ის ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა 2019 წელს. 2020 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე რეჟიმში საბიუჯეტო სახსრებით დაიწყო; ამჟამად კი, მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის გრძელვადიანი კრედიტით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 68 მლნ ევროა.

ოზურგეთი, ქობულეთი და ლეჩხუმი - ეს ის სამი რეგიონია, სადაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა - log-In Georgia-ს ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა. საუბარია 350 კმ-სიგრძის ოპტიკურ ქსელზე, რომლის აშენება, ჯამურად, 22 მილიონ ლარამდე დაჯდა.

2022 წელს პროექტისთვის 31.5 მლნ ლარი გამოიყო, მაგრამ წლის ბოლოსთვის მხოლოდ 16 მილიონ ლარამდე იყო დახარჯული. BMG დაინტერესდა მიზეზებით - რისი გაკეთება ვერ მოესწრო შარშან და რატომ. კითხვებით სახელმწიფო აიპი-ს „ოუფენ ნეტს“ მივმართეთ.

მარიამ სულაბერიძის განმარტებით, 2022 წელს ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, სულ გაფორმდა ოთხი კონტრაქტი - ჯამურად, 570 კმ-ის სიგრძის ოპტიკური ქსელის აშენებაზე, მაგრამ დასრულდა ლეჩხუმში 145 კმ სიგრძის მშენებლობა. უახლოეს ორ კვირაში დასრულდება ჩოხატაურის და სამტრედიის მიმართულება; მარტის ბოლოსთვის კი - ხელვაჩაური-ქობულეთის ნაწილი.

რაც შეეხება ბიუჯეტით განსაზღვრული თანხების დროულად ვერათვისებას, „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელმა აღნიშნული მსოფლიო ბანკის რეგულაციების შესაბამისად მკაცრი სატენდერო პროცედურებით ახსნა.

„მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა სატენდერო პროცედურები. 2022 წელს პირველად გამოვაცხადეთ ტენდერები მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად და ამის გამო პროცესებმა დროში საკმაოდ გადაიწია - კომპანიებიც არ იყვნენ მომზადებულები, რომ WB-ის რეგულაციების შესაბამისად მოემზადებინათ დოკუმენტაციები, რამაც ზოგიერთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციაც გამოიწვია; გვქონდა შემთხვევებიც, როდესაც ერთ-ერთმა საერთაშორისო კომპანიამ, რომელთანაც მზად ვიყავით ხელშეკრულების გასაფორმებლად, უარი განაცხადა და იძულებული გავხდით, შემდეგ პრეტენდენტზე გადავსულიყავით და ა.შ, თუმცა სადაც გვქონდა დაგეგმილი ტენდერების გამოცხადება, ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მშენებლობა. უბრალოდ, დასრულების ეტაპებმა გადაიწია“, - განმარტა მარიამ სულაბერიძემ.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, „ოუფენ ნეტის“ დირექტორის ინფორმაციით, წელს 2000 კმ სიგრძის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერები, რისთვისაც 50 მლნ ლარის ბიუჯეტი აქვთ.

კერძოდ, ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით უკვე მიმდინარე ტენდერებია: მესტია-ჯვარი (160 კმ), ზუგდიდი-ხობი (270 კმ), აბაშა-სენაკი (230 კმ) და ვარციხე-წყალტუბო-ხონი (150 კმ). მარშრუტების ჯამური სიგრძე 810 კილომეტრია და 59 200 მოსახლე უნდა მოიცვას.

მარიამ სულაბერიძის თქმით, მესტია-ჯვარის და ზუგდიდი-ხობის ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე კონტრაქტს აფორმებენ.

„წელს, დაახლოებით, 6 ტენდერი კიდევ გამოცხადდება და სრულად მოვიცავთ დასავლეთ საქართველოს დარჩენილ ნაწილს. ასევე, უნდა გამოცხადდეს ტენდერები ზემო აჭარაში ოპტიკური ქსელის გაყვანაზე. ჯამში, 2023 წელს გამოცხადებული ტენდერებით 2000 კმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ავიდეთ. ეს არის ჩვენი გეგმა“, - აღნიშნა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა.

სულაბერიძის ინფორმაციითვე, ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მოსახლეობის ქსელში ჩართვა მიმდინარეობს. საუბარია, დაახლოებით 40 000-მდე მოსახლეზე.

ის ხაზს უსვამს იმას, რომ „ოუფენ ნეტი“ არაა საცალო ოპერატორების კონკურენტი, რადგან სახელმწიფო აშენებს ერთგვარ მაგისტრალს, რაც მსხვილ ინვესტიციებს საჭიროებს და ბიზნესისთვის მიმზიდველი არაა.

„ჩვენ შევდივართ ე.წ. თეთრ ზონაში ანუ იქ, სადაც არ არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის რიცხვი 200 და მეტია და სადაც კერძო ოპერატორი არ ოპერირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქსელი ნებისმიერი ოპერატორისთვის სასარგებლო უნდა იყოს. ადგილობრივ ოპერატორებს საკუთარი ქსელის განვითარების საშუალებას ვუქმნით“, - ამბობს მარიამ სულაბერიძე.

საინტერესოა, ერთი დეტალიც - ჯერჯერობით, „ოუფენ ნეტის“ ინფრასტრუქტურის მომხმარებლები მხოლოდ მცირე და საშუალო ოპერატორები არიან, თუმცა როგორც „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა გვითხრა, ინტერესს „მაგთიც“ და „სილქნეტიც“ გამოხატავენ.

Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500,000 ადამიანმა უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები