საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს განმახორციელებელმა სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტმა" 17 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი, დონორის (მსოფლიო ბანკის) დაფინანსებით, შიდა ქართლში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვას ითვალისწინებს.
ტენდერში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ მიიღო დაფინანსება "მსოფლიო ბანკისა" და "ევროპის საინვესტიციო ბანკისგან" (EIB) პროექტ Log-In Georgia-სთვის და აპირებს, რომ მისი ნაწილი გამოიყენოს კონტრაქტისთვის პროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი (პასიური) ინფრასტრუქტურის განლაგება: ფაზა 3 (შიდა ქართლი).
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პროცესი რეგულირდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებით. ამასთან, პრეტენდენტმა ხელი უნდა მოაწეროს EIB-ის კეთილსინდისიერების შეთანხმებას.
შესყიდვა 20 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 29 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობად 1 წელია განსაზღვრული.
შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას დართული აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რეკომენდებული მარშრუტი, რომელიც ასე გამოიყურება:
შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია.
2024 წლის გეგმით, წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი უნდა აშენდეს შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში - სულ 1200 კმ. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ. სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500 000 ადამიანმა უნდა მიიღოს. Log-in Georgia-ს ინფრასტრუქტურული ნაწილის ჯამური ბიუჯეტი 67 მლნ ევროა და პროექტი მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო რესურსით ხორციელდება.