მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ სანქცირებულ ქართულ კომპანიებს "დელტას" წამყვან სპეციალისტთან აქვთ კავშირი -"ამერიკის ხმა"

61bcd035ae740
BM.GE
17.12.21 22:01
4062
16 დეკემბერს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა ჩინურ; ქართულ; თურქულ და მალაიზიურ კომპანიებს სანქციები დაადო. სანქციების მიზეზი ორია - მათი ნაწილი ჩინურ ბიოტექნოლოგიურ ფირმებთან არის შემხებლობაში, მეორე ნაწილი კი ირანისთვის სამხედრო დანიშნულების ტექნიკის მიწოდებაში იყო ჩართული. საქართველოს შემთხვევაში საუბარია სწორედ ირანთან კავშირებზე. სანქციები სულ სამ ქართულ იურიდიულ პირს - ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering-ს დაედოთ. 

“ამერიკის ხმის” თანახმად, კომპანიები SAEROS Safety ERO Company-ი და Rov Solutions-ი დაკავშირებული არიან ლევან კოტიაშვილთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სსიპ “დელტას” წამყვანი სპეციალისტია. კერძოდ, კოტიაშვილი არის Rov Solutions-ის 100%-იანი წილის მფლობელი, მისი შვილი კი SAEROS Safety ERO Company-ის დირექტორია. კომპანიები მათ საცხოვრებელ სახლში არის რეგისტრირებული. ორივე კომპანიის შესახებ ინფორმაცია ბიზნეს რეესტრში არის ხელმისაწვდომი.

"ამერიკის ხმის" თანახმად:

“ლევან კოტიაშვილმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ამ კომპანიებში, მისი პარტნიორი ნამდვილად იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა ირანისთვის ამერიკული წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას კოტიაშვილი უარყოფს.

„ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მახსოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია“- გვითხრა ლევან კოტიაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამ ფიქტიური კომპანიების საფარქვეშ შესრულებულიყო უკანონო ოპერაციები - ირანის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ, კოტიაშვილმა გვიპასუხა - „ალბათ, შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“.

კოტიაშვილი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაცია აქვს შესრულებული ირანელ პარტნიორებთან ერთად. „2013 წელს შემოვიტანეთ კომპიუტერის აქსესუარები, ეს იყო და ეს, ისიც ირანიდან არ შემოგვიტანია.“

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვანი სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირანელი პარტნიორების დაინტერესება მისი პერსონით, შესაძლოა, „დელტაში“ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. „მე ეს ხალხი გავიცანი მანამდე, სანამ დელტაში დავიწყებდი მუშაობას“ - ამტკიცებს ლევან კოტიაშვილი.

ლევან კოტიაშვილის მიერ 2012 წელს, თბილისში დაფუძნებულ კომპანია ROV Solutions-ს, რომელსაც ოფისის მისამართად, ტაშკენტის ქუჩა 12ა აქვს მითითებული, საკუთარ ვებ გვერდზე უწერია, რომ კომერციული-ტექნიკური დაივინგის სფეროში ოპერირებს, ნავთობისა და გაზის სექტორში წყალქვეშა სამუშაოებისა და ინსპექტირებისთვის. ასევე ჰყავს აგენტები ტაილანდსა და ჰონკონგში. კომპანიის მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს, ეს ნომერი სატელეფონო ბაზებში რეგისტრირებული არ არის.
სატელეფონო ინტერვიუს დროს ლევან კოტიაშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ROV Solutions საქმიანობის შესახებ, ამ დროს საუბარი მოულოდნელად გაწყდა, რესპოდენტმა მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელით,”- ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.