მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა დიდი შეცდომა იყო - ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა დიდი შეცდომა იყო, - ამის შესახებ დიპლომატმა დავოსში მიმდინარე “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” ისაუბრა.

“ვფიქრობ, ირანის ბირთვული შეთანხმების გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რადგან ირანის ბირთვული პროგრამა ჩარჩოებში გვქონდა მოქცეული. მას შემდეგ კი, რაც შეთანხმება ჩაიშალა, პროგრამამ ეს ჩარჩოები გაარღვია. ახლა კი, რაკიღა შეთანხმება აღარ გვაქვს, არასასურველ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს გავიდა, რის სანაცვლოდაც ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა - ამ გადაწყვეტილებამ, თავის დროზე, ევროპელი ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა. მას შემდეგ, ირანმა ურანის გამდიდრება ისტორიულად მაღალ მაჩვენებლამდე განაგრძო.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები