აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად აცხადებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.
„ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით, 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.