მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ: რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს შეამცირებს

638af4c7b9110
თამთა ჯიჯავაძე
03.12.22 11:07
641
ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება „დაუყოვნებლივ შეაფერხებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“.

იელენის თქმით, ფასის ლიმიტის დაწესებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ლიდერები აქტიურად მუშაობდნენ. აღნიშნული სანქცია იმას გულისხმობს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გაიხდიან.

ჯანეტ იელენი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგორესურსებსა და საკვებზე მაღალი ფასების გამო ზარალდებიან, სარგებლის მომტანი იქნება.

ამასთან, „ეს შეუზღუდავს რუსეთს იმ შემოსავალს, რომელსაც ის იყენებს თავისი სასტიკი შეჭრის დასაფინანსებლად“, - აღნიშნა იელენმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებით მსოფლიო თავიდან აიცილებს გლობალური მიწოდების შეფერხებას, რამაც შეიძლება ბენზინის ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს.

თუმცა, აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი Urals-ის ღირებულება დაახლოებით 69 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს რთულია მკაცრი ან ეფექტიანი ვუწოდოთ, რადგან ის ზედმეტად ახლოსაა საბაზრო ფასთან და რუსეთის მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციით საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეუფერხებლად მიიღოს.

EU-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ფასის ლიმიტი პერიოდულად გადაიხედება და ბაზრის დინამიკასთან შესაბამისად შეიცვლება, თუმცა კანონპროექტში გაწერილია, რომ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი საშუალო საბაზრო ფასზე მინიმუმ 5%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს.