10.სექტემბერი .2020 12:56

აშშ-ს სახ. დეპარტამენტი: კომპანიები მიუთითებენ ნდობის ნაკლებობაზე ქართული სასამართლოს მიმართ

views 592
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.

“მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის შესახებ, რაც როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ასევე მის ეფექტურობას და კომპეტენტურობას შეეხება, რის გამოც ზოგიერთი ბიზნეს დავის განხილვა წლობით მიმდინარეობს.

ასევე კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტურ პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახევწას იმსახურებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ეკონომიკური რეგულაციებუს აღსრულება კომპანიების მიმართ სელექტიური პრინციპით ხდება, ბიზნესის შეფასებით ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა,”- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფომ პორტის გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, თუმცა ანაკლიის პროექტი მთავრობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა