მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კორუფცია არის შირმა... რეალური მიზეზი სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებაა“ - ლევან მურუსიძე

642eafcc4c6e0
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 15:42
725
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ქართველი მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კორუფცია არის შირმა და რეალური მიზანი სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებაა. ამის შესახებ მან უზენაესი სასამართლოს საბჭოს სხომაზე განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან საქმე კორუფციაში არ არის და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, გარკვეული მიზნის მიღწევა და მე მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება მოხდა. ეს თითიდან გამოწოვილი საკითხია და შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

ეს წლების განმავლობაში გრძელდება და რეალური მიზეზი სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებაა, რომელიც დასაწყისიდან არასამთავრობო სექტორის მიერ ხორციელდებოდა, შემდგომ ამაში ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულით შედეგი ვერ იქნება მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საელჩოს ჰქონდა მცდელობა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლე განმარტავს, რატომ სურს აშშ-ის საელჩოს სასამართლოს სისტემის ხელში ჩაგდება.

„რატომ უნდა გაეკონტროლებინათ სასამართლო სისტემა გეტყვით მაგალითებით.. ვიცით, რომ ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკანონოა და არ არის დასაბუთებული, ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, რატომ უნდა ერეოდეს ელჩი კონკრეტულ საქმეებში და ზუსტად აქ ჩანდა მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ სასამართლო და მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მოსამართლე არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას ისე მოგექცევით, როგორც იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ.

ამის კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოგიყვანოთ ეს არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საკითხზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით აშშ-ში არ წაიყვანეს. ამას რომ სხვა მოსამართლეების მხრიდან სოლიდარობა მოჰყვა, არ დავასახელებ კონკრეტულ მოსამართლეს, პირდაპირ ახდენენ ზეწოლას და ეუბნებოდნენ და აბულინგებდნენ, როგორ გაბედა ლაშა ჩხიკვაძის მხარდაჭერა და მასზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა იყო აისბერგის წვერი. პირადად ჩემთან მოდიოდნენ აშშ-ის წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი ესა და ეს მოსამართლე იქნებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონფერენცია ამა და ამ დღეს ჩატარებულიყო. ამის მტკიცებულებებიც მაქვს და როცა საჭიროდ ჩავთვლი ეს კონკრეტული ჩარევები აშშ-ის საელჩოს მხრიდან საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს“, - განაცხადა მურუსიძემ.

ცნობისთვის: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები