მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს

სახდეპი

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები სანქცირებული მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მილერის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სექტორი კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან”, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

“ამერიკის ხმის” კითხვაზე - განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებული მოსამართლეების სიის გაფართოებას ან საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს. “7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართული. დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები ზუსტად ერთი წლის წინ დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები