მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათწლეულში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62d945b3e2fb8
გიორგი თოლორდავა
21.07.22 16:19
1200
რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად, ბოლო ათწლეულში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ECB-ის კომიტეტმა დღეს, 21 ივლისს, რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და ის ცენტრალური ბანკის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, თუმცა ამჟამად ევროკავშირის მასშტაბით ინფლაცია რეკორდულ 9.6%-ს აღწევს, ხოლო ევროზონის მასშტაბით - 8.6%-ს, რაც აგრეთვე ისტორიული მაქსიმუმია.

ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 0.50%-ით გამკაცრებით რეფინანსირების განაკვეთი 0%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ძირითად განაკვეთი ნეგატიურ (-0.5%) ზონაში იყო.

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია მონეტარული პოლიტიკის გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე. განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროს კურსზე დადებითად იმოქმედებს და მის ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენციას გარკვეულწილად შეაფერხებს.

საგულისხმოა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყნებში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია, როგორც ეს, მაგალითად, ევროზონის შემთხვევაშია.

მიუხედავად ზემოხსენებული ფაქტორებისა, ხაზგასასმელია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის საკითხი. კომიტეტის წინა შეხვედრაზე FED-მა განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდა და მოსალოდნელია, რომ კომიტეტის მომდევნო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გამკაცრდეს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის გამკაცრების ტემპს. აღნიშნული მოვლენა, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს მოქმედებს ამერიკული დოლარის სიმყარეზე როგორც სხვა უცხოურ ვალუტებთან, ასევე ევროსთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ გაუარესებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები და ჰეჯ-ფონდები მიმდინარე წლის ბოლოდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, თუმცა თავად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა მსგავს ნეგატიურ მოლოდინებს არ იზიარებს.

მართალია, მიმდინარე თვეს ევროკომისიამ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბაზო სცენარებით 2022-2023 წლებში ეკონომიკური პოზიტიური ზრდაა პროგნოზირებული და არც რეცესია.

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ მაისსა და ივლისში მომზადებული პროგნოზების შედარებას.


ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი +2.7%; 2023 წელი +2.3%.
ახალი - 2022 წელი +2.6%; 2023 წელი +1.4%.

ევროზონის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი 6.1%; 2023 წელი 2.7%.
ახალი - 2022 წელი 7.6%; 2023 წელი 4.0%.

ევროკავშირის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი 6.8%; 2023 წელი 3.2%.
ახალი - 2022 წელი 8.3%; 2023 წელი 4.6%.

ევროკომისიის მიერ ინფლაციური პროგნოზის გაუარესების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.