მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: სახელმწიფო ვალში საპროცენტო განაკვეთის რისკის წილი იზრდება

5ecbdc30e0c2f
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 19:10
1218
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ბიუჯეტის ხარჯებთან ერთად საუბარი სახელმწიფოს საგარეო ვალსაც შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ვალის საპროცენტო განაკვეთის რისკი მზარდია, რადგანაც სულ უფრო მეტი კრედიტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს, ფიქსირებულის ნაცვლად, ცვლად განაკვეთში არის დაფიქსირებული. 

"მთავრობის ვალის პორტფელისათვის მზარდია საპროცენტო რისკი, რაც გამოიხატება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილის ზრდით სავალო პორტფელში. 2016 წელთან შედარებით მთავრობის საგარეო ვალის ნაშთში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი შემცირებულია 15 პროცენტული პუნქტით (70%-დან 55%-მდე). აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

მთავრობის ვალის მოცულობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 14.8%-ით (2,566 მლნ ლარით), ხოლო 2017 წელთან შედარებით 24.0%-ით (3,853 მლნ ლარით) გაიზარდა. აღნიშნული ზრდა გამოწვეული იყო როგორც დამატებითი სესხების აღებით, ასევე ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებით. 2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, ვალის ნაშთის ზრდაში კურსის ეფექტი 28.1%-ს, ახალი სესხების აღების ეფექტი კი - 71.9%-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელთან შედარებით ნაშთის მატებაში კურსის ეფექტი 35.6%-ია.

მთავრობის ვალის პორტფელის ზრდის, ლარის გაუფასურების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ჯამურად, 386.6 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები როგორც საგარეო, ასევე საშინაო სესხებზე და 2,901 მლნ ლარი შეადგინა," - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.