მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში?

64244ceccfe68
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.23 18:43
1148
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა ბოლო 10 წელში გასამმაგდა - ლარებში თანხა 7.1 მილიარდი ლარიდან 21.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მეტიც, ვალის მოცულობა პიკური 2021 წელს იყო, როდესაც ლარის გაუფასურების გამო მისი ზომა 26.3 მილიარდს აღწევდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ 23.2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალი აიღო და 9.5 მილიარდი ლარის ვალი დაფარა. თავად ვალის ნაშთი კი დოლარებში 4.3 მილიარდიდან 8.26 მილიარდამდე გაიზარდა.

საქართველო საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იღებს. ისეთი პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალი, ან ჩრდილოეთ სამხრეთის მაგისტრალი ძირითადად ვალებით ფინანსდება.

საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ახალი საგარეო ვალები 2020-2021 წლებში კოვიდ პანდემიის დროს აიღო, რაც ძირითადად ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოზიდვაში გამოიხატებოდა. გაიზარდა ვალის მომსახურების საფასურიც, თუკი 2013-2016 წლებში ვალების გადახდაზე 400-500 მილიონი ლარი იხარჯებოდა, 2022-2023 წლებში ეს თანხა მილიარდ ლარს აჭარბებს.

გაზრდილია მთლიანად სახელმწიფო ვალის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. თუკი 2013 წელს ვალი მშპ-ის 29%-ს შეადგენდა, 2023 წელს ის სავარაუდოდ 41% იქნება. ხოლო, 2020 წელს, ლარის გაუფასურების და პანდემიური კრიზისის გამო, სახელმწიფო ვალის ზომამ 60%-ს გადააჭარბა. თუმცა, როგორც 2021-ში, ასევე 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის გამო, ვალის მოცულობა 41%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები