28.იანვარი .2022 12:12

აუდიტის სამსახური ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს

აუდიტის სამსახური ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს
views 622
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის 2022 წლის გეგმიდან ირკვევა.

„აუდიტის მიზანია, შეფასდეს რამდენად ეფექტიანად უზრუნველყოფს ბიზნესომბუდსმენი საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ზედამხედველობას“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

აღსანიშნია, რომ 1 წელზე მეტია, რაც ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია და მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს 10-მა ბიზნესგაერთიანებამ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის და დაფინანსების წყაროს მოდელის შეცვლაც შესთავაზა, თუმცა 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საკითხიც „გაიყინა“. ბიზნესომბუდსმენის თუნდაც არსებული წესი შესარჩევად, ამ დრომდე ვერც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიცალა.



2022 წლის გეგმით გათვალისწინებულია 12 ეფექტიანობის აუდიტი, რაც მთლიანი აუდიტორული საქმიანობის (52 აუდიტი) 23%-ს შეადგენს.

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღებული გადახდილი ფასის შესაბამისი სარგებელი. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა