მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურმა მთის კურორტების კომპანიის აუდიტის ანგარიში პროკურატურას გაუგზავნა

60911d79ac988
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.21 15:09
1129
“მთის კურორტების განვითარების კომპანია” ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც ბაკურიანის, გოდერძის, თეთნულდისა და გუდაურის კურორტებს მართავს. 27 აპრილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ კომპანიის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მასში არაერთი დარღვევაა. BMG-ის აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ ეს ანგარიში საგამოძიებო უწყებაში გაიგზავნა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, კომპანიამ 159 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ხელშეკრულებები გააფორმა ისე, რომ ამ პროექტებისთვის სამშენებლო ნებართვები არ არსებობდა. აუდიტის შეფასებით, პრობლემურია, როდესაც სახელმწიფო კომპანია უნებართვო მშენებლობას ახორციელებს. დასკვნის თანახმად, სამშენებლო ნებართვის გარეშე დაწყებულმა მშენებლობამ შესაძლოა გარემოს ან მოსახლეობას მიაყენოს ზიანი.

უნებართვო მშენებლობები ერთადერთი ტიპის დარღვევა არ არის, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიაში აღმოაჩინა. დარღვევებს შორისაა დაუსაბუთებლად, ტონობით საწვავისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები.

აუდიტის სამსახური ასევე პრობლემურად აფასებს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაზრდილ ხელფასებს, რადგან უწყების შეფასებით, კომპანიის დირექტორი წარმოადგენს “არაუფლებამოსილ პირს” იმისთვის, რათა საკუთარი ხელფასი გაზარდოს.

“შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი კომპანიის მიერ უფასოდ გაცემული აბონემენტებია. “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ძირითადი შემოსავალი მილიონობით ლარის სახელმწიფო სუბსიდიაა, რომელსაც ის ინფრასტრუქტურის აშენებისთვის იღებს. შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროს სახით კი კომპანია კურორტებზე საბაგიროს მოსაკრებლებს ყიდის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ კომპანია ამ აბონემენტებს თავის თანამშრომლებს და ამ თანამშრომლების “ოჯახის წევრებს” ასევე “VIP” პირებს უფასოდ ურიგებს. დასკვნის მიხედვით, 2018-2019 წლებში კომპანიამ ამ პირებზე 261,000 ლარის აბონემენტები ისე გასცა, რომ ამ აბონემენტების მფლობელების ვინაობის სია არც კი აღურიცხავს. ამასთან, დასკვნიდან ირკვევა, რომ არ არსებობს არავითარი კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. “VIP” აბონემენტების გაცემა რეგულირდება.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ხარჯების მიზნობრიობა ვერ დგინდება.