03.მარტი .2021 23:20

“ტურისტებისთვის მთავარი კარი ჩაკეტილია”- სექტორი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს

“ტურისტებისთვის მთავარი კარი ჩაკეტილია”- სექტორი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს
views 5039
უკან

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების განცხადებით, წელს ეს ინდუსტრია სახმელეთო საზღვრის გახსნის გარეშე უბრალოდ ვერ იმუშავებს. მათი თქმით, ყოველწლიურ სტატისტიკაში მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო საზღვრებით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვის დიდ წილს იკავებდა, წელს კი საშიშროება დგას, რომ ისედაც კრიზისში მყოფმა ბიზნესმა, ეს შემოსავალიც დაკარგოს. ცნობისთვის, უცხოელებისთვის საქართველოს მხოლოდ ცა აქვს გახსნილი, ხოლო სახმელეთო საზღვრებზე კვლავ შეზღუდვებია.

“ვითხოვთ, სახმელეთო საზღვრების გახსნას, რადგან ეს ჩვენთვის აუცილებელია. ტურისტების უმრავლესობა ვინც საქართველოში დადიოდა, ძირითადად სახმელეთო გზებით შემოდიოდა. ახლა კი ეს მთავარი კარი ჩაკეტილია. არ გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინირებული ადამიანი საქართველოში თვითმფრინავით შემოვა, მანქანით, ფეხით თუ ცხენზე ამხედრებული", - ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ასევე ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ქვეყნებიდან მოქალაქეებს უფლება აქვთ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შემოვიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ;

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR-ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR-კვლევა, თან საკუთარი ხარჯებით.
სრულად იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც უარყოფითი PCR-ტესტით ტურისტებს ჩამოსვლა შეუძლიათ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა