09.თებერვალი .2022 20:20

საკადრო ცვლილებებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება - ასათაშვილი

საკადრო ცვლილებებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება - ასათაშვილი
views 481
უკან

“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრის ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან მთავრობას რეფორმების კუთხით ხედვა არ აქვს.

“ეკონომიკის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ფაქტია, რომ არ ითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებს ქვეყანაში, რადგან მოთხოვნა სხვა არის და მთავრობის ქმედება კი სხვა. მეორე მხრივ საკადრო ცვლილებებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან ვხედავთ, რომ რეფორმატორული ხედვები არავის აქვს და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არავინ აპირებს. ეს არის უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეგვიცვლის. ტურიზმის კუთხით ვხედავთ, რომ თვეები გავიდა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნული არ არის. რაზეა საუბარი, რა ქმედით ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როცა საკადრო ცვლილებები ვერ განუხორციელებიათ. აქედან გამომდინარე, არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდებით. უბრალოდ, ერთი სახე მეორეთი შეიცვლება და მიმდინარე კვრატლის მანძილზე ერთი შეხვედრა დაინიშნება. ეს იქნება სულ. შეხვედრებიც დარჩება შეხვედრებისთვის”, - ამბობს ასათაშვილი.

“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელის თქმითვე, ახალი მინისტრისგან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება, რადგან რეალურად ერთი კადრი მეორეთი ჩანაცვლდა. როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, ასათაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ტურიზმის განვითარების კუთხით სტრატეგია შეიქმნება, რომელიც რეალობაშიც დაინერგება. 

“ტურიზმის ინდუსტიის კუთხით უპირველეს ყოვლისა ეს არის მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიის შექმნა. ამას წლებია ვამბობთ და ეს განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდშია მნიშვნელოვანი. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაიწყონ და მინიმუმ სამწლიანი სამოქმედო გეგმა დადონ. ოღონდ ამ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს, ვინაიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლიტიკის გამტარია. აუცილებელია მისი რეფორმირება. ეს გარდაუვალი პროცესია და ადრე თუ გვიან მისი რეფორმა უნდა მოხდეს. რაც შეეხება მოლოდინებს, პირადად მე ან ჩემს კოლეგებს, ვისთანაც აქტიური კომუნიკაცია მაქვს, სამწუხაროდ, არავითარი მოლოდინი არ გვაქვს და საფუძველსაც არ გვაძლევენ რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რადგან ვხედავთ რომ მთავრობის პოლიტიკა დინებას მიყოლილია და, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება. ერთი სახე მეორეთი შეიცვლება, ეს იქნება და ეს”, - ამბობს ასათაშვილი.

დღეს, 9 თებერვალს, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ჯერ უცნობია უკვე ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა სად გააგრძელებს საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა