მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Black Sea Arena საბიუჯეტო წურბელაა, რომელსაც სისტემატური დაფინანსება სჭირდება” - ასათაშვილი

6422d9646e5f1
ანუკა ჯოხაძე
28.03.23 16:27
1347

პრემიერ მინისტრი ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას 2023 წლის მაისის ბოლოდან აანონსებდა. კონცერტები თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" უნდა გაიმართოს. 24 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე bm.ge-მ კულტურის მინისტრს შეახსენა ეს ფაქტი და დაინტერესდა, თუ რომელი ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება წელს. ჩვენ შევახსენეთ მინისტრს შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ გაიმართა. კითხვაზე, ზაფხულისთვის კონცერტების ჩატარება დაიგეგმა თუ არა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დაიწყო თუ არა ამაზე მუშაობა, მინისტრი პასუხობს, რომ რეგიონში არსებულ ვითარებას მსოფლიო დონის არტისტების ჩამოსვლაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს.

კულტურის მინისტრის მხრიდან დასახელებული მიზეზს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. როგორც ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი აცხადებს, სექტორი მიეჩვია მთავრობის მხრიდან კონკრეტული ანონსების გავრცელებას და შემდგომ მათ რადიკალურ ცვლილებებს.
მისი განმარტებით, დღეს აპელირება რეგიონში არსებული ვითარებით, როცა მთავრობა ამ დროის განმავლობაში მოსახლებას არწმუნებდა, რომ ეს რისკები ქვეყანაში არ არსებობდა, არასწორია. ასათაშვილის თქმით, თუ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ამ ვითარებას გავლენა არ ჰქონია, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი დღეს როგორც მიზეზი, გაუგებარია.

“მთავრობის ნებისმიერი წევრის, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი, სიტყვას ფასი არ აქვს. ეს დავინახეთ წლების განმავლობაში. პრემიერი გამოდის და ერთს იძახის და 2-3 თვეში რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, გამოდის მინისტრი და საპირისპიროს ამბობს. "ბლექ სი არენა" არის საბიუჯეტო წურბელა, რომელსაც სჭირდება სისტემატური დაფინანსება. სწორედ ამიტომ შეიქმნა უაზრო პროგრამები. გვახსოვს Check in Georgia და 1000 სისულელე კიდევ, რომელიც პირდაპირ "ბლექ სი არენას" მიაბეს, რომ ამ გუნდს შემოსავალი ჰქონოდა.

საუბარი იმაზე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გამო ვიღაც არ ჩამოვა ქვეყანაში, ჯერ ერთი, რომ არასწორია გამომდინარე იმ მაგალითებისა რაც გვაქვს. შარშან ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარეს, წელს დიდი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბაკურიანში და დავინახეთ, რომ არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ ყოფილა. ასე რომ არგუმენტირება იმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებია, არასწორია”, - ამბობს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

bm.ge მსოფლიო ვარსკვლავების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით black sea arena-საც დაუკავშირდა, როგორც სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ტატო ხარჩილავა აცხადებს, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინფორმაცია ცნობილი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები