მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Armenia ერევანი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

60c9d10d5960f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 14:34
673
სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადავმა გუშინ განახორციელა.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში - 1 სიხშირით, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ფრენები კვირაში 2 სიხშირით (ორივე რეისი სამშაბათს) განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“.