მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავტომფლობელებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ინვესტიციებს გაზრდის“ - სტამბოლიშვილი

63f9bf474ebec
სალომე ხიდურელი
25.02.23 21:01
2397
სადაზღვეო სექტორის მოლოდინით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტის განხილვა,  პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს. სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი კანონპროექტის უპირატესობების შესახებ BMG Drive-ში საუბრობს.

„დღეის მონაცემებით, საქართველოში 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული, სადაზღვევო უპირატესობები თითოეულ მათგანს შეეხება და საზოგადოების ყველა ფენაზე გავრცელდება. პირველი უპირატესობა ისაა, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში ზარალი ანაზღაურდება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. როგორც იცით, კერძო დაზღვევებში არის განსაზღვრული გარკვეული რისკები, რის გამოც შესაძლოა, დაზარალებულმა ფინანსური კომპენსაცია ვერ მიიღოს. კანონის მიღების შემთხვევაში კი ეს შეზღუდვა არ იქნება, ზარალი ყველას უმოკლეს დროში აუნაზღაურდება", - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის კანონის მიღება სახელმწიფოს ხარჯებსაც შეუმცირებს იმ მხრივ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

"გარდა ამისა, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს გზებზე უბედური შემთხვევებისა. ამის ფონზე მიღებული ტრავმების მკურნალობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2-3% ჯდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადების გადამხდელებისგან ფინანსდება. პროქტის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება და ფინანსური კომპენსაციის პასუხისმგებლობას კერძო სადაზღვეო სექტორი საკუთარ თავზე იღებს, ანაზღაურების ლიმიტები კი საკმაოდ მაღალია.

ასევე, კანონპროექტის პირობებში, საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას შეიძენს. ჯერ ერთი, თვითონ სადაზღვეო ბაზარი ხდება ინვესტორებისთვის მიმზიდველი, რადგან, დღემდე, „ვენის საერთაშორისო ჯგუფი“ ერთადერთი უცხოელი ინვესტორია ქვეყანაში. ქართული ბაზარი ამ ეტაპზე პატარაა ინვესტორებისთვის, არასაინტერესო. მეორეც, ნებისმიერ სფეროში უცხოელი ინვესტორისათვის გასაკვირია, თუ ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის კანონი არ არის მიღებული. შესაბამისად, ეს კანონი ბიძგს მისცემს პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა სტამბოლიშვილმა და დასძინა, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 4 წლის წინ დაიწყო ამ მიმართულებით კადრების მობილიზება, რაც განსაკუთრებით რეგიონებს უწყობდა ხელს, თუმცა ინვესტიცია შეაჩერა, იმიტომ, რომ კანონზე დაპირებები არ შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლის თქმით, სადაზღვეო სექტორი კანონის აღსრულების წლის ბოლომდე დაწყებას იმედოვნებს, რადგან ეს პროცესი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია და ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია.