მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი BENE EXCLUSIVE გახდა

ქუთაისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის გადაყვანის ოფიციალური სერვისი დაემატა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში კომპანია "ბენე ექსკლუზივმა" გაიმარჯვა. ამიერიდან ეს კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-სა და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, 24-საათიან მომსახურებას, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.

ახალი სერვისის პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და "ბენე ექსკლუზივის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ გამართეს. მათ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ყველა ის ბენეფიტი, რასაც "ბენე ექსკლუზივი" ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სთავაზობს.

როგორც "ბენე ექსკლუზივში" განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს მომსახურებას მიღება როგორც ონლაინ ჯავშნების სახით, ასევე ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზშივე შეუძლიათ. თანხის გადახდაც სურვილისამებრ, ადგილზე ან ელექტრონულად ხდება.

"მგზავრობის პროცესს ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ. თითოეულ ავტომობილში GPS-ის მოწყობილობა გვაქვს დაყენებული, რაც დისპეტჩერებს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ რეჟიმში თვალი მიადევნონ ყველა მძღოლის გადაადგილებას: რამდენად უსაფრთხოა, რა სიჩქარით მოძრაობს და სად არის ავტომობილი დროის კონკრეტულ მომენტში", - ამბობს "ბენე ექსკლუზივის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გორგაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ბენე ექსკლუზივის" ავტოპარკი 15 ავტომობილს აერთიანებს, მათ შორის ორი მინივენიც არის. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში შეეძლებათ, ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით ფასი კილომეტრაჟის მიხედვით დადგინდება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ავტომობილები, ისე მათი მგზავრები სრულად დაზღვეულია "ჯიპიაი ჰოლდინგში".

"ჩვენ ზოგადად ტაქსების მიმართულებას არ ვაზღვევთ, მაგრამ მივესალმებით ავტოპარკის გამწვანებას და სწორედ ამიტომ დავიწყეთ "ბენე ექსკლუზივთან" თანამშრომლობა. ავტოდაზღვევის მიმართულებით უკვე 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ის მგზავრები, რომლებიც "ბენე ექსკლუზივის" სერვისით ისარგებლებენ ჩვენი მხრიდან სრულად იქნებიან დაზღვეულები MA პროდუქტით", - აღნიშნავს "ჯიპიაი ჰოლდინგის" დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი, გიორგი ხაჟომია.

აეროპორტი ის ადგილია, სადაც მოგზაურებს ქვეყნის შესახებ პირველი შთაბეჭდილება ექმნებათ, შესაბამისად მათთვის ამ სივრცეში ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავს, "ბენე ექსკლუზივის" მაღალი სტანდარტის მქონე სერვისი ტურისტების კმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.

"ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა არის იმის საწინდარი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო კომფორტული გახდება ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისათვის. გარდა ამისა, ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ შევძლებთ და მგზავრებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს შევთავაზებთ", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან "ბენე ექსკლუზივმა" 50 სამუშაო ადგილი შეექმნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამომავლოდ ავტომობილების მატებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

"ოფისები გვაქვს თბილისში, შეკვეთილსა და ბათუმში და ქუთაისმა მთელი ეს წრე ძალიან კარგად შეკრა. ამიერიდან ჩვენი ავტოპარკი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასეთი სანდო და კვალიფიციური სატრანსპორტო კომპანიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის განვითარების თვალსაზრისითაც. ის სამუშაო ადგილები, რაც ჩვენ აქ შევქმენით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით", - განაცხადა "ბენე ექსკლუზივის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ.

ცნობისთვის: ქუთაისის აეროპორტთან ერთად "ბენე ექსკლუზივი" უახლესი, ჰიბრიდული ავტომობილებით მგზავრების გადაყვანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც უზრუნველყოფს, სადაც უკვე 4 წელია ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები